აქტუალური
კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

9-APRILIთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან აცნობეს, კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„წელს 1989 წლის 9 აპრილიდან 23 წელი გავიდა. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში  ქართველის ხალხის  თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც 9 აპრილს დაღუპული ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ. ამ დღემ გარდამტეხი როლი ითამაშა  ჩვენი ქვეყნის  სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში – ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ამ ტრაგედიიდან 23 წლის შემდეგ ქვეყანა კვლავ  სერიოზული არჩევანის წინაშე დგას. დღესაც, ისე როგორც 23 წლის წინათ, ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევთ. დღეს ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაიმართოს, რათა ქვეყანას სწორი მიმართულებით სვლის პერსპექტივა გაუჩნდეს“.