თბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლეონიდ თიბილოვი კვირის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ლიდერად გამოაცხადა.
გამოცხადდა, რომ თიბილოვმა ხმების 54.12 %, ანუ 15 786 ხმა მიიღო.
„პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დავიდ სანაკოევმა 42.65 %, ანუ 12 439 ხმა მოაგროვა“, – იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.
სანაკოევმა თიბილოვს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს.ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის მესამე პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც რეგიონი 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს გამოეყო.
თიბილოვი 90-იან წლებში რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1999 წლიდან ქართულ მხარესთან ამჟამად გაუქმებული ერთობლივი საკონტროლო კომისიის მუშაობაში ჩაერთო.
2007-2009 წლებში იგი ცხინვალში ადგილობრივი ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. სულ ბოლოს მას პოსტკონფლიქტურ საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
კვირას მეორე ტურის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, 25 მარტს, განმეორებითი არჩევნების პირველი ტური გაიმართა, მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამართული მეორე ტურის შედეგები, რომლითაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიგო, გაუქმდა.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.