აქტუალური
„Wendy's“ ქართულ ბაზარზე შემოდის

wendysთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. მსოფლიოს მესამე უმსხვილესმა სწრაფი კვების კორპორაცია „Wendy’s“-მა განაცხადა, რომ  „ვისოლ ჯგუფთან“ შეთანხმებას მიაღწია მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანში 25 სწრაფი კვების რესტორნის გახსნის თაობაზე.

„ვისოლი“ „Wendy’s“-ის პირველი რესტორნის გახსნას თბილისში 2013 წელს გეგმავს.

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის ბიზნესინტერესები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ბენზინგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტების ქსელი, სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესი. ვისოლის ერთ-ერთი აქციონერია კიდევ ერთი ქართული კონგლომერატი „სილქ როუდ გრუპი“.

„საქართველო დინამიკური ბაზარია, რომელსაც „Wendy’s“ ბრენდისთვის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი აქვს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი გაფართოების საქმეში“, – განაცხადა „Wendy’s“-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო ბიზნესის საკითხებში დარელ ვან ლიგტენმა.

ამჟამად საქართველოში „McDonald’s“-ის ოთხი რესტორანი ფუნქციონირებს: სამი მათგანი თბილისში და ერთიც – ქუთაისში. „McDonald’s“-ის პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გაიხსნა.