თბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. „კონსტიტუციაში ცვლილების წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი, მისაღებია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.
დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება სპეციალურად ივანიშვილზეა მორგებული, რომელსაც უარი უთხრეს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე და რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქედ რჩება.
ინიციატივის თანახმად, საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს და რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.„ჩემთვის, პირადად, ეს არის აბსოლუტურად მისაღები, ვინაიდან მე მხარს ვუჭერ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს კონკურენტული და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პიროვნებამ და პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გააჩნია გარკვეული მხარდაჭერა და ამბიცია ძალაუფლებაში მოსვლის“, – განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 6 აპრილს.
„ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის და მეტოქეების; პირიქით, ჩვენი ინტერესია, საქართველო განვითარდეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა, არჩევნები იყოს კონკურენტული, ქვეყანაში იყოს ღია პოლიტიკური გარემო, სადაც ყველას ექნება პოლიტიკური შეჯიბრის და კონკურენციის საშუალება“, – აღნიშნა მან.
„სწორედ ამიტომ ჩემთვის, პირადად, ეს ინიციატივა მისაღებია და ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვნად და პრაქტიკულად მთლიანად მოაგვარებს იმ საკითხს, რომელიც დღეს არსებობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მოქალაქეობასთან და პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
„შემოვიდა ინიციატივა, რომლითაც ყველა ბარიერი იხსნება, ყველა პრობლემა იხსნება და ნებისმიერ კანდიდატს ოპოზიციაში საშუალება ექნება, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, მონაწილეობა მიიღოს, არჩეული იქნეს, დეპუტატი გახდეს, პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს, პრემიერ-მინისტრი გახდეს. მე არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეთ ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ინიციატივა ივანიშვილთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თაობაზე „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ წარადგინა პარლამენტში.
ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ცინიკურია კონსტიტუციის მორგება კონკრეტულ ადამიანზე და რომ ივანიშვილს ყველა სამართლებრივი უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს და არ არის საჭირო კონსტიტუციის შეცვლა იმისათვის, რომ მან საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.