სამართალი
არასამთავრობოთა განცხადება ქსენოფობიასთან, რელიგიურ და ეთნიკურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით

xsenofobiaთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ატყობინებს, ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით („25-ე არხი“; გაზეთი„ქრონიკა“ და სხვა) სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეიცავს ქსენოფობიის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ, ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ.

„ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. არავის უნდა მიეცეს საშუალება, გააღვივოს საქართველოში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და საფრთხე შეუქმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ ფონზე „არჩევნის თავისუფლებისათვის“ მიმართავს საქართველოში მოქმედ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ლიდერებს, არანაირი მიზანი, მათ შორის, არც ხელისუფლებაში დარჩენის ან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, არ ამართლებს საარჩევნო ხმებისმოსაპოვებლად აღნიშნული თემებით მანიპულირებას. დაუშვებელია, ოპონენტის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება იქცეს პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი პოზიციის გამყარების არგუმენტად.

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯაროდ მოვახდენთ რეაგირებას ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ლიდერის ან საზოგადო მოღვაწის  ქმედებაზე თუ განცხადებაზე, რომელშიც იქნება მცდელობა, საარჩევნო კამპანიაში დაამკვიდროს პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სტანდარტები და წესები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კოალიციის წევრები: ირაკლი მელაშვილი – ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე – მედიაექსპერტი; კოტე კანდელაკი – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; უჩა ნანუაშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე – საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი; გოგი ხუციშვილი – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი – საქართველოს მედიაკლუბი; დავით ლოსაბერიძე – ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია – სამოქალაქო განათლების რესურსცენტრი; არნოლდ სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველო“); თამარ ჩუგოშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია); ეკა გიგაური  („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“); ნინო ლომჯარია (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება); მამუკა ყუფარაძე („სტუდია რე“);ია ანთაძე (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი).