საზოგადოება
„Forbes Georgia“-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ ცენზურის შემდგარი ფაქტია“

forbs-145478თბილისი, 9 აპრილი საქინფორმი. როგორც საქინფორმს მაგდა პოპიაშვილმა (საქართველოს მედიაკლუბი) აცნობა, ჟურნალ „Forbes Georgia“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რევაზ საყევარიშვილი ახალ განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალის აპრილის ნომერში დაიბეჭდა. განცხადების ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ გაყიდვაში გამოვიდა ჟურნალ „Forbes Georgia“-ს აპრილის ნომერი, რომელშიც დაბეჭდილია ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს არ ჰყავს მითითებული ავტორი, ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია არის იმ ინტერვიუს უხეშად დაჩეხილი და დამახინჯებული ვერსია, რომელიც მე ჩამოვართვი ბატონ ივანიშვილს მარტის შუახანებში.

მომხდარ ფაქტს (ინტერვიუს ჟურნალში გამოჩენას იმ სახით, რომელიც არ შეესაბამება ავტორის მიერ მომზადებულ ვერსიას) კიდევ ერთხელ განვიხილავ როგორც ცენზურის შემდგარ ფაქტს და „Forbes Georgia“-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანია „Media Partners“-ის დამფუძნებელთა მხრიდან თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის უხეში დარღვევის ნათელ დასტურს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე გაეგზავნა „Forbes“-ის სათავო ოფისს ნიუ იორკში. ამავე დროს, ვიტოვებ უფლებას, მივმართო კანონით დაშვებულ ყველა გზას, „Forbes Georgia“-ს დამფუძნებელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული თვალსაზრისით  შესაფასებლად.

რევაზ საყევარიშვილი

06.04.2012“