პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი – ჯონ ბასს: თქვენ ასეთი საქართველო გინდოდათ?! (საქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი აშშ-ის ელჩს)

arno-amerikaბატონო ელჩო!

2012 წლის 12 მარტს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კანცელარიის თანამშრომელმა მაგიდაზე დაგიდოთ ჩემი ღია წერილი, რომელიც იმავე დილას საელჩოს ჩააბარა ექპრესს-ფოსტა „DHL“-მა. კარგი ინგლისურით დაწერილ წერილში მე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა, გიამბეთ რეალური დეტექტიური ისტორია 2012 წლის 5 მარტს  პოლიციისა და ჩემი რედაქციის თანამშრომლების თანდასწრებით ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაზე – მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედე და საქართველოდან პირველმა მივულოცე ბატონ ვ. ვ. პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევა.

ღია წერილი გამოქვეყნდა ასევე www.saqinform.ge-ს ქართულ და რუსულ ვერსიებზე, თუმცაღა დანართების გარეშე, რომლებიც, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გამოგიგზავნეთ მხოლოდ თქვენ და ომბუდსმენს, ასევე, გადავეცი პოლიციის გამომძიებელს, რადგან დანართებში იყო უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამნაშავეთა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე მიუთითებდა.

ამგვარად, თქვენ მიიღეთ აშკარა სამხილი, რომ საქართველოში ხელისუფლების დაკვეთით და ძალოვანი სტრუქტურების მფარველობის ქვეშ მოქმედებს დაქირავებულთა ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა რუსულ მედია-საშუალებაში მომზადებაგავლილი რუსულენოვანი ინტერნეტ-დივერსანტებისა და „კა-გე-ბე“-ს ყოფილი  თანამშრომლებისგან. სხვათა შორის, ეს ჯგუფი თავის ძირგამომთხრელ საქმიანობას კავკასიის და რუსეთის მასშტაბით რომ ეწევა, პირველმა მე კი არა, არამედ თქვენმა წინამორბედმა – აშშ-ის ექს-ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა გამოააშკარავა, რის თაობაზეც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აცნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

თქვენს სამუშაო მაგიდაზე დაიდო მრავალი დასტური იმისა, თუ როგორ მოუწოდებენ ზემონახსენები ჯგუფის წევრები (რომელთაგან ბევრი ლიბერტარიანელებსა და უმცირესობებს – სექსუალურს და რელიგიურს – მიეკუთვნება) სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და საქართველოში მაკარტიზმის დამკვიდრებისაკენ, დაუფარავად ქადაგებენ ქსენოფობიას და აღვივებენ ერთაშორის შუღლს, უგულებელყოფენ ტოლერანტობას და იწონებენ გენოციდს, უკიჟინებენ ფაშიზმისა და ახალი ომებისაკენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

ბატონო ელჩო!

საიდუმლო არაა, რომ თქვენ საქართველოს არაოფიციალურ მმართველად მიგიჩნევენ, თუმცა ღია წერილი ამის გამო არ მომიწერია. როცა წერილზე თანდართულ მასალებს გაეცანით, ალბათ, შენიშნეთ, რომ დაქირავებულ სექსოტთა ზემონახსენები ჯგუფის წევრები (მინიმუმ – ორი სპეცსამსახურის აგენტები და თქვენ იცით, თუ რომელი სპეცსამსახურებისა)  თქვენ ფსევდონიმით – „უზენაესი არბიტრი“ – მოგიხსენიებენ, თუმცა მე ასეთად არ მიგიჩნევთ.

სხვათა შორის, ეგებ იცოდეთ, ვის გულისხმობენ ისინი ფსევდონიმის ქვეშ – „დიადი დემოკრატიზატორი“? შემთხვევით, იმას ხომ არა, ვისი ბრძანებითაც დღეს აყალო მიწაში განისვენებს ათასობით მოკლული ქართველი, ციხეები გადაძეძგილია ათობით ათასი პატიმრით, ხოლო ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე მთელ მსოფლიოში ლუკმაპურის საშოვნელად მიმოფანტულა?! მათ ყოველდღე აპატიმრებს სხვადასხვა ქვეყნის პოლიცია ქურდობის, ძარცვის, პროსტიტუციის, ნარკოტრაფიკის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულებისთვის: რამ აიძულა ისინი, დაეტოვებინათ სამშობლო, თუ აშშ-მა ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო „დემოკრატიის შუქურად“ და “ეკონომიკურ ლიდერად” აქცია? ბატონო ელჩო, ვიმედოვნებ, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ქართველები ბუნებით არიან ბომჟები, ქურდობის, ბანდიტიზმის, პროსტიტუციის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და კონტრაბანდისკენ მიდრეკილნ?!

ბატონო ელჩო!

ამბობენ, რომ სანამ დიპლომატი გახდებოდით, ჩემი კოლეგა იყავით - გაზეთის რედაქტორი, მაგრამ წერილს იმიტომ კი არ გწერთ, რომ  პროფესია ან მეგობრობა გვაკავშირებს: თქვენი წინამორბედის მსგავსად, ჩვენ მხოლოდ თითო-ოროლა ფრაზა და სავიზიტო ბარათები გავცვალეთ საზეიმო მიღებებზე სხვადასხვა უცხოურ საელჩოში, აი, რიჩარდ მაილსს კი ბევრად უკეთესად ვიცნობდი, თუმცაღა მის შეხედულებებს არ ვიზიარებდი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაილსი, თქვენგან განსხვავებით, უფრო ენერგიულ რეაგირებას მოახდენდა ამგვარ აღმაშფოთებელ ფაქტზე, რომლის ბადალი მსოფლიო პრაქტიკაში არც კი მეგულება: ჟურნალისტთა მთელი კოლექტივის, მათ შორის – მისი ხელმძღვანელისა და იქ მომუშავე მანდილოსნების შეურაცხყოფა და მუქარა, დღისით-მზისით რედაქციაზე თავდასხმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით! ვიმედოვნებ, ამ არამზადებს ქართველებად არ მიიჩნევთ, ბატონო ელჩო?!

დიახ, მას შემდეგ, რაც ჩემი ღია წერილი აშშ-ის საელჩოს ჩაბარდა, დაქირავებულმა პროვოკატორებმა ინტერნეტში ლანძღვა-გინება შეწყვიტეს, თუმცაღა მე თქვენგან გაურკვეველი სქესის არსებებისგან დაცვას კი არა, მომხდარის დაფიქსირებულ შეფასებასა და ამერიკის მილიარდობით დოლარი შექმნილი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების - შსს-სა და პროკურატურის, შემდგომი მოქმედებების კონტროლს ველოდი!

სიტყვამ მოიტანა და, ამ ორ უკანასკნელზე მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ 28 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტურობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდულუნარიანობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ნიშნით ან სხვა დისკრიმინაციული მოტივებით დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა, პროკურატურამაც და პოლიციამაც უარი განაცხადეს ჩემი განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებაზე, რადგან ამ საქმეში „დანაშაულის ნიშნები“ ვერ აღმოაჩინეს, რითაც უხეშად დაარღვიეს ქართული კანონმდებლობის რიგი მუხლები. როგორ ფიქრობთ, აღმოაჩენდნენ თუ არა ისინი „დანაშაულის ნიშნებს“, ამგვარი რამ პუტინის კი არა, ვთქვათ, ობამასთვის მილოცვის გამო რომ მომხდარიყო?! და როგორი იქნებოდა ამ შემთხვევაში თქვენი რეაქცია? 

ბატონო ელჩო!

მალე თქვენ ვაშინგტონში დაბრუნდებით: რას იტყვით საქართველოზე იქ, სახელმწიფო დეპარტამენტში, რას დაწერთ თქვენს ანგარიშგებაში? კერძოდ – საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის საბაზო უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის, საარჩევნო სისტემის და არარსებული ეკონომიკის თაობაზე? ნუთუ მოახსენებთ, რომ რეფორმები საქართველოში შედგა?! ხომ არ გეჩვენებათ, რომ იქ, ვაშინგტონში, მავანი რულეტკის აზარტულ მოთამაშეს დაემსგავსა, რომელმაც ყველაფერი წააგო, მაგრამ ამის აღიარების ეშინია და ამიტომ ნებისმიერ ფსონს ჩამოდის, იქნებ და – მოიგოს?.. 

ან ეგებ დემოკრატია მნიშვნელოვანი არ არის და მთავარია, რომ ოდესღაც ამაყი ქართველი ერი წარმატებით გადაიქცევა ლაჩარ დაზომბებულ ბრბოდ, რომელიც ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს?! იქნებ მთავარი ისაა, რომ დღეს საქართველოში უმცირესობები დაუსჯელად შეურაცხყოფენ უმრავლესობას, ჰომოსექსუალები – ჰეტეროსექსუალებს, სექტანტები და ლიბერტარიანელები – მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მათ პატრიარქს, თინეიჯერები – ხანდაზმულებს, მათ შორის - საკუთარ მშობლებსაც? ასეთი საქართველო გნებავდათ?! ასეთი დემოკრატიის მშენებლობაზე დახარჯა ამერიკამ მილიარდობით დოლარი, ბატონო ელჩო?!

თქვენ ტოვებთ ქვეყანას, სადაც თუ ხელისუფლებაში ან მასთან ახლოს ხარ, ყველა დანაშაული შეგრჩება, თუ არა – დაუცველი ხარ, დაუსჯელად შეიძლება შენი მოკვლა ან ციხეში ჩაგდება! 

თქვენ ტოვებთ ქვეყანას, რომლის ხელისუფლება ჟურნალისტებზე თავდასხმაში, მუქარასა და შეურაცხყოფაში „დანაშაულის ნიშნებს“ ვერ ხედავს;

თქვენ ტოვებთ ქვეყანას, რომელიც ევროპაში პირველ ადგილზეა პატიმრებისა და ევროსასამართლოში „საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების რაოდენობით!

როგორ განიხილავთ ყოველივე ამას – როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯებს? მიიღებენ კი ასეთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში, ბატონო ელჩო?!

გადაეცით სახელმწიფო დეპარტამენტს ჩემი კეთილი რჩევა: სანამ ანტიამერიკანიზმმა საქართველოში, ისევე, როგორც  სხვა მრავალ ქვეყანაში, შეუქცევადი და უკიდურესად აგრესიული ხასიათი არ მიიღო, აღიარეთ, რომ პროექტი „ვარდისფერ-ცისფერი საქართველო“ ჩაგივარდათ, თუნდაც იმიტომ, რომ აქ, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ არსებობს არნო ხიდირბეგიშვილი და მისთანანი, თანაც, ჩვენ – უმრავლესობა ვართ! გააკონტროლეთ დამდეგი საპარლამენტო არჩევნები – ოღონდ „NDI“-სა და „IRI“-ს გარეშე, არ დაუშვათ არჩევნებზე ზონდერბრიგადები, მიშამაჭავარიანები და ხათუნაგოგორიშვილები, და ამაში თავად დარწმუნდებით.

ბატონო ელჩო!

იცით, რა მინდა? თქვენ საქართველოში ჩამოხვედით ისე, რომ აბსოლუტურად არ იცოდით, სად მიემგზავრებოდით, და მინდა, რომ აქედან გამგზავრებისას, ბოლოს და ბოლოს, გაიგოთ – რა არის საქართველო, ქართველები და ქართველი ხალხი! ამ სამი წლის განმავლობაში, რაც თქვენ საქართველოში მუშაობდით, ერთხელ მაინც ნახეთ ფილმი ”ჯარისკაცის მამა”? თუ კი - გახსოვთ ეპიზოდი, როცა ჯარისკაცის მამა - რიგითი მახარაშვილი ვაზს ელაპარაკება? ამაშია ქართველი ერის მთელი საიდუმლო! რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა გვაშინებდნენ, მოგვისყიდავდნენ, გვკლავდნენ, ზომბებად გვაქცევდნენ, ყოველი ჭეშმარიტი ქართველის სულში არსებობს კოდი და როცა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო დაღუპვის პირას დგება, ის იღვიძებს და ქართველი მყისვე მხრებიდან იბერტყავს ყველაფერ თავსმოხვეულს, შეთითხნილს, მენტალურად უცხოს! დღეს კი სწორედ ასეთი მომენტია, ბატონო ელჩო - მაშ, გამოხატეთ, ჩვეულებისამებრ, თქვენი აღშფოთება, შეშფოთება, ან რაღაც ამგვარი!

P. S. ა.წ. 5 მარტს, ბათუმში, თქვენ, ბატონო ელჩო, ქართველი ჟურნალისტების ცოდნისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის დეფიციტზე დაიჩივლეთ და წუხილი გამოთქვით იმის გამო, რომ ისინი რთულ კითხვებს არ გისვამდნენ. ვიმედოვნებ, რომ კითხვები, რომლებსაც გისვამთ ჩემს ღია წერილებში, ასეთთა კატეგორიას არ განეკუთვნება და ამიტომაც ეს წერილი, წინა გზავნილის მსგავსად, კარგი ინგლისურით დავწერე და მას ექსპრეს-ფოსტით მოგართმევენ იმისათვის, რომ პასუხი გამცეთ.

დასასრულ კი გეტყვით: სამუშაო კაბინეტიდან პირადი ნივთების წაღებისას დატოვეთ ეს წერილი, წინა წერილთან ერთად, თქვენს მაგიდაზე – ვფიქრობ, ახალი ელჩის, ბატონი რიჩარდ ნოლანდისთვის, მათი გაცნობა ძალზედ უპრიანი იქნება.

 

საუკეთესო სურვილებით თქვენდამი და თქვენი მეუღლისადმი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი