აქტუალური
თბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს რამდენიმე რეგიონში წყალდიდობაა მოსალოდნელი. მთებში თოვლის დნობის გამო აჭარისა და გურიის რეგიონში მდინარეებს ადიდება უკვე დაიწყო. წყლის დონემ მოიმატა აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებშიც.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ამინდის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ზამთარი საკმაოდ უხვნალექიანი იყო და თოვლის დნობა წყალდიდობას აუცილებლად გამოიწვევს, თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს და საფრთხისშემცველი არ არის, რადგან თოვლში წყლის შემცველობა მცირეა.მათი თქმით, წყალდიდობა საფრთხეს მაშინ შექმნის, თუ თოვლის დნობის პროცესს ძლიერი წვიმები დაერთვება.
„საბედნიეროდ, უახლოეს დღეებში უხვი ნალექი მოსალოდნელი არ არის. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ ხანმოკლე წვიმები იქნება. თუკი ნალექის რაოდენობა გაიზრდება და საფრთხე მოიმატებს, ჩვენ ორი დღით ადრე შევატყობინებთ შესაბამის სამსახურებს, რომ წყალდიდობამდე თადარიგი დაიჭირონ და სტიქიით მიყენებული ზარალი მინიმუმადე შემცირდეს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.