თბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. როგორც პარტიის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიან შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დევნილთა მრავალრიცხოვანი შეკრება გაიმართება თბილისსა და ზუგდიდში, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. პარტიის წევრების თქმით, შეხვედრას ათასობით იძულებით გადაადგილებლი პირი დაესწრება.„ჩვენ საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება, მშობლიურ მხარეში დაბრუნება და იქ დარჩენილი მოსახლეობასთან ერთად ცხოვრება გვინდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ არა თუ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება – „საქართველო დაკარგული ტერიტორიების გარეშე“, არამედ საწინააღმდეგოს დაკანონებას შეუწყო ხელი. ჩვენს პრობლემებს ვერ აგვარებს ის, ვისაც ეს ევალება, ამიტომ დროა, ინიციატივა ხალხმა აიღოს!“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე ნანა გულუამ დევნილთა საერთაშორისო ფონდის შექმნაზეც ისაუბრა, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები დევნილი ბიზნესმენები დააარსებენ. ფონდის ძირითადი დანიშნულება იქნება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ქართველების, აფხაზებისა და ოსებისათვის.
დევნილთა შეკრების ორგანიზებამდე პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ფართო საინფორმაციო კამპანიას და სხვადასხვა სახის აქციის ჩატარებას გეგმავს.