თბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა:„მე მათ გავაცანი ის სიტუაცია, რაზეც უფრო ადრე თქვენ მოგახსენეთ და ვთხოვე, რომ მათ პრინციპული პოზიცია დაიჭირონ, რამეთუ საქართველოში აღარ არის სასამართლო და ტყუილად ნუ ექნებათ მოლოდინი, რომ სასამართლოდან მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი გამოვთქვი, რომ საელჩოები თავის დამოკიდებულებას გამოხატავენ და პასუხს მოითხოვენ იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რაც გუშინ განხორციელდა. გავუმეორე თხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ პრინციპული პოზიცია, რამეთუ ისინი დაინტერესებულნი არიან, საქართველოში შეიქმნას პრეცედენტი და პირველად არჩევნების საშუალებით მოვახერხოთ, მოძალადე სააკაშვილი შევცვალოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრას აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და „NDI“-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ესწრებოდნენ, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.