პოლიტიკა
ილია II – საერთაშორისო კონფერენციის „ევროინტეგრაცია და ხალხთა იდენტურობის პრობლემები“ მონაწილეებს

patr-111თბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის 4-7 აპრილს ქალაქ ტრებინეში (სერბეთის რესპუბლიკა) ტარდება მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის XVIII კონფერენცია თემაზე „ევროინტეგრაცია და ხალხთა იდენტურობის პრობლემები“.

4 აპრილს, კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით სიტყვით გამოვიდა დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს სახელით მიესალმა მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის მეთვრამეტე კონფერენციის – „ევროინტეგრაცია და ხალხთა იდენტურობის პრობლემები“ – მონაწილეებს.

ღრმად პატივცემულო კონფერენციის მონაწილეებო, საყვარელო ძმანო და დანო!

მოგესალმებით უძველესი მართლმადიდებელი საქართველოდან და გიგზავნით ჩემს კურთხევას, რათა თქვენი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგეს და სამშობლოში დაბრუნებულებს შეგეძლოთ თქმა, რომ სერბეთში ამაოდ არ ჩასულხართ.

კონფერენციის თემა გლობალურია და, ამავე დროს, უაღრესად აქტუალური უკლებლივ ყველა ქვეყნისათვის, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ – რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა სიტუაციური სიმწვავითა და ეროვნული წინაპირობებით.

ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლობის შემდგომი ბედი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თქვენს ურთიერთგაგებაზე, ევროინტეგრაციის პროცესის და, ხშირად მასთან კოლიზიაში მყოფ, ხალხთა იდენტურობის პრობლემის მიმართ ერთიანი მიდგომის შემუშავების მნიშვნელობის გაცნობიერებაზე.

ვვედრებ მაცხოვარს ჩვენსას – იესო ქრისტეს – გიჩვენოთ გზა ჭეშმარიტი, რომელიც ტაძართან, ანუ საყოველთაო სიყვარულთან და ურთიერთგაგებასთან მიგვიყვანს, ცივილიზაციათა დიალოგის ყველა სიკეთის სინთეზის გათვალისწინებით.

ღმერთი გფარავდეთ!

ილია მეორე,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

(როგორც საქინფორმს კონფერენციის პრესცენტრიდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის მისასალმებელმა სიტყვამ ყველა მონაწილის აღფრთოვანებული რეაქცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები გამოიწვია და უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა ადგილობრივსა და უცხოურ მედიაში, რომელმაც მას მრავალრიცხოვანი სიუჟეტი და პუბლიკაცია მიუძღვნა.)

LET