თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. სომხეთი ირანში ომის დაწყების შემთხვევაში სიტუაციის გაუარესებისთვის ემზადება. როგორც „კომერსანტი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა განაცხადა. თუ ირანი დაბომბვის გამო საზღვრებს დახურავს, სომხეთი, ფაქტობრივად, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდება. ერევანში ლტოლვილების მოზღვავებისაც ეშინიათ. მეტიც, სომხურ მედიაში სერიოზულად განიხილება შესაძლებლობა იმისა, რომ ბაქო სიტუაციით ისარგებლებს და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიჭრება. ამასთან, რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს არ წყვეტს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, დსთ-ის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, ეს საკითხი ჯერ სომხეთის ხელმძღვანელობასთან განიხილა, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. უფრო მეტ დათმობებზე ვერცერთი მხარის დაყოლიება ვერ მოხერხდა. თუ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივა, სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა, კვლავ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ერევანში ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი „ჯერ კიდევ მზად არის, ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას“. „რა თქმა უნდა, მხარეების სურვილების გათვალისწინებით“, – დააზუსტა მინისტრმა. ბაქოში სერგეი ლავროვმა პარტნიორებს მოთმინებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ „არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას გაცილებით უფრო დიდხანს ელოდება“ და პალესტინა, კვიპროსი და დასავლეთ საჰარა შეახსენა.