თარგამაძე ხელისუფლებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების სხვა გზას სთავაზობს
თბილისი, 5 აპრილი,
საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის სხვა გზას სთავაზობს . „ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესში აქტიურად იქნეს განხილული ჩვენ მიერ შეთავაზებული იდეა, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის პრეცედენტს და ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის – საფრანგეთის, მოქალაქისთვის, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ცენზი გააჩნია, ჰქონდეს ის პოლიტიკური უფლებები, კერძოდ, გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, იყოს არჩეული პოლიტიკურ თანამდებობაზე, სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას და ა.შ. რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქის სტატუსის ადამიანებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თარგამაძემ და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მოქალაქეობაზე უარის თქმა გამართლებული არ არის.
მისივე თქმით, ამ წინადადებას ხვალისთვის მიეცემა იურიდიული ინიციატივის ფორმა და დროული განხილვისთვის პარლამენტის შესაბამის კომისიას გადაეცემა, რათა ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში დამაბრკოლებელი ფაქტორები არ ჰქონდეს.
თარგამაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებით საარჩევნო კამპანია კონსტრუქციულ გარემოში გადავა, სადაც პოლიტიკური ძალები საქართველოს მომავალს ერთმანეთთან პოლიტიკური პაექრობის მშვიდობიანი და ღია არჩევნების მეშვეობით განსაზღვრავენ.
ამ თემაზე გიორგი თარგამაძე დღეს ბრიფინგს გამართავს.