საზოგადოება
იერუსალიმის პატრიარქთან დავით ბაქრაძის საუბრის შესახებ

gulbaat_rcxiladzeინფორმაცია: ”საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური დ.ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბერძნული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და…

… ამ შეხვედრის გაშიფრულ ტექსტს ავრცელებს. როგორც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი მაკა გიგაური აცხადებს, აღნიშნული მასალა ერთსაათიანი შეხვედრის მხოლოდ 12-წუთიან მონაკვეთს მოიცავს. გიგაურის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილე მესამესთან ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში ჯვრის მონასტრის საკითხი არაერთხელ დასვა” (გაზეთი ”ახალი თაობა”, 29.3.2012).

კომენტარი: დავით ბაქრაძე, განსხვავებით ”ნაციონალების” და სააკაშვილის ამალის დიდი უმრავლესობისგან, ელემენტარულად უზრდელი არ არის, მას აქვს გარკვეული ტაქტი და აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის გამგზავრება საზღვარგარეთ სამარცხვინო მოვლენა არ არის. თუმცა ბაქრაძის ”დიპლომატია” ისეთივე ტლანქია და ქვეყნისთვის არაფრის მომტანი, როგორც მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლების.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც პარლამენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა, სულაც არ აბათილებს ბერძნული პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუკი საუბარი თეოფილე მესამესა და დ.ბაქრაძეს შორის ერთი საათის მანძილზე გრძელდებოდა, რატომ ვრცელდება ამ საუბრის მხოლოდ თორმეტწუთიანი მონაკვეთი? ასეთი შერჩევითი ციტირება, ნაცვლად გაბათილებისა, პირიქით, უფრო ამძაფრებს ეჭვებს, თუ რა განაცხადა ბაქრაძემ.

თუმცა უფრო უარესი საქართველოსთვის, თუკი პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში არ მოიხადა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ბოდიში არა თუ ლახავს საქართველოს პრესტიჟს, არამედ განამტკიცებს მას. სააკაშვილმა თავისი სამარცხვინო ტყუილებით გაოცება გამოიწვია ბერძენ მართლმადიდებლებში, აგრეთვე ისრაელის სახელისუფლებო წრეებში. ბაქრაძე კი, ნაცვლად ვითარების შერბილებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესით ხელმძღვანელობისა, ცდილობს, აამოს თავის მბრძანებელს. ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა, თუკი ბაქრაძემ იერუსალიმის უწმინდეს პატრიარქს ბოდიში არ მოუხადა. მაგრამ თუ პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ახლა ამას უარყოფს, ეს შედარებით უფრო მისაღები სიტუაციაა – მსგავს ხერხს მსოფლიო დიპლომატიაში არაერთხელ ჰქონია ადგილი, როდესაც საგარეო ”მოხმარებისთვის” ერთი განცხადება კეთდება, ხოლო საშინაოდ – ამის საპირისპირო. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი შესაძლებლობა ნაკლებ სავარაუდებლად მიგვაჩნია.

თავი რომ დავანებოთ ვარაუდს და მხოლოდ იერუსალიმში გამართული შეხვედრის გამოქვეყნებული პასაჟი განვიხილოთ, ბაქრაძის ”დიპლომატია” სავალალო შეფასებას იმსახურებს. კერძოდ:

1. პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა უწყოდეს, რომ ბერძნები და ქართველები ”სხვადასხვა ეკლესიების” წევრები არ არიან და ადგილი არ აქვს ამ ”სხვადასხვა ეკლესიებს” შორის ”ქრისტიანულ, ძმურ ურთიერთობებს”. ქრისტიანული და ძმური ურთიერთობები აქვთ და შეიძლება ჰქონდეთ ბერძენ და ქართველ ხალხებს, მაგრამ არა ეკლესიებს, რადგან ბერძნებიც და ქართველებიც ერთი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან. მრევლსა და ეკლესიის მესვეურებს შორის არის არა უბრალოდ ”ქრისტიანული და ძმური ურთიერთობები”, არამედ ევქარისტული კავშირი. ორგანიზაციულად იერუსალიმისა და საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიები, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე მოღვაწეობენ, მაგრამ ისევ და ისევ ეს ხდება ერთი სამოციქულო ეკლესიის ფარგლებში. ეს ელემენტარულია და ამიტომ დავით ბაქრაძეს ამგვარი ლაფსუსი არ უნდა მოსვლოდა.

2. ბაქრაძეს ასევე ეშლება და ვერ ერკვევა, თუ რას წარმოადგენს ტაძარი, მონასტერი. მისი აზრით, ჯვრის მონასტერი ”ბევრი ქართველისთვის ისტორიული, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ადგილია”. შეიძლება, ზოგიერთი ქართველისთვის ეს მართლაც ასეა, მაგრამ ნებისმიერი ტაძარი და მათ შორის, ჯვრის მონასტერიც, უპირველეს ყოვლისა, სულიერების კერაა, სალოცავი ადგილია, სადაც აღესრულება ღვთისმსახურება, სრულდება ქრისტეს მიერ დადგენილი საიდუმლოებანი. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორია და კულტურა.

3. ბაქრაძე, ნაცვლად იმისა, რომ ისრაელის ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ჯვრის მონასტრის თემას არ შეხებოდა, ვინაიდან ეს არ არის ისრაელის სახელმწიფოს საქმე და შეიძლება, ბერძენი სასულიერო პირების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიოს, თეოფილე მესამეს პირდაპირ ეუბნება, რომ საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარეს იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრამდე წამოუჭრია ჯვრის მონასტრის თემა ისრაელის ხელისუფლების წევრებთან (”ქნესეთის სპიკერს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი, მათ საქართველოს მიზნების შესახებ, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების შესაძლებლობაზე ვესაუბრე”) . პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი ქმედება კატასტროფულ შეცდომას წარმოადგენს, ეს თითქმის შეურაცხყოფის ტოლფასია – ხვდები იერუსალიმის პატრიარქს და ეუბნები, რომ მასზე უწინ ისრაელის ხელისუფლებასთან გისაუბრია იმ ტაძრის შესახებ, რომელზეც უშუალოდ ვრცელდება იერუსალიმის პატრიარქის პასუხისმგებლობა.

ყოველივე ამის გამო, გასაკვირი არ არის, რომ იერუსალიმის პატრიარქის პასუხები ბაქრაძესთან საუბარში ზედმეტი ლაკონურობითა და ცივი თავაზიანობით აღინიშნება. განა რა შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდა თეოფილე მესამეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მთლიანად ხელისუფლების შესახებ? ამიტომ ზრდილობიანი ბაქრაძის ვიზიტიც კიდევ ერთ სირცხვილად ექცა ჩვენს ქვეყანას. ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ფუჭ ოცნებას კი ალბათ დიდი ხნით უნდა შეეშვას ქართველობა – ისედაც რთული რეალობა საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ გააფუჭა. ხოლო ბაქრაძის ვიზიტი უნდა შეფასდეს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომლის მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოსტ ფაქტუმ გაამართლოს თავისი ბოსის – სააკაშვილის ტყუილები იმის თაობაზე, თითქოს მიმდინარეობს მუშაობა ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

გულბაათ რცხილაძე

www.geurasia.org