თბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. „სამოქალაქო რეესტრის გუშინდელი დასკვნა იმდენად უსუსური და უაზრო იყო, რომ მასზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მივიჩნევ“, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო რეესტრის მიერ დასკვნის გამოქვეყნება 4 აპრილს დაემთხვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სწორედ ამ დღეს შესრულდა 6 თვე იმ დღიდან, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. შესაბამისად, ივანიშვილი 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის დასკვნის გამოქვეყნებას საეტაპოდ მიიჩნევს.„პოლიტიკაში მოსვლის მიზეზები მე თავიდანვე დავასახელე. ეს იყო ის, რომ სააკაშვილმა მოახერხა ხელისუფლების მონოპოლიზება და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში იმდენად უაზრო და უსუსური ფაქტებია მოყვანილი, ჩემს შეფასებად არ ღირს. ეს დასკვნა იმდენად უსუსური იყო, რომ ვისაც თავის დროზე ეჭვი გააჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონთან კავშირში იყო, ეს ილუზია მასაც გაუქრებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თავის დროზე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შიშს ეფუძნებოდა.
„ეს იმ მიზეზით მოხდა, რომ მხოლოდ ერთ კაცზეა აგებული მთელი სახელმწიფო, რომელსაც ხელისუფლება მონოპოლიზებული აქვს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. რეესტრის დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.
როგორც ადრე იუწყებოდა საქინფორმი, ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს, საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.