პოლიტიკა
მოწოდება უცხოელი დამკვირვებლების ოფიციალურად დროზე მოწვევასთან დაკავშირებით

fosta-es-Sen-gexebaთბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციები, მიესალმებიან რა ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ უახლოეს მომავალში გააგზავნონ შესაბამისი ოფიციალური მიმართვა, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დროულად დაიწყონ  წინასაარჩევნო გარემოს შეფასება საქართველოში.

კამპანიის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა მარტის დასაწყისში ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რათა უმოკლეს ვადაში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამგვარი მზაობა ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ გამოთქვა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ჩქარა ჩამოვიდნენ უცხოელი დამკვირვებლები.

„წელს ჩვენ არჩევნები გვაქვს და ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ალიანსის წევრების ჩათვლით, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნონ... რათა უზრუნველყონ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭირვალე, პროგნოზირებადი სადამკვირვებლო სტანდარტების თვალსაზრისით“, – განაცხადა სააკაშვილმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

„ODIHR“ თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე აგზავნის.