აქტუალური
თბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი – 2012“ იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge უკვე შეუძლიათ.კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ისე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 1 აგვისტოს დასრულდება, ხოლო ნამუშევრების წარმოდგენა სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში – 16 აგვისტოს. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სექტემბრის ბოლოს სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები მედლებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს გადაეცემა 5000 ლარი, II ადგილზე – 3 000 ლარი, ხოლო III ადგილზე – 2 000 ლარი. „გრან პრის“ მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი სასწავლო-შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.