სამართალი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

bidzina-derstandartთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე  2012 წლის 5 იანვარს წარადგინა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: პირველი – ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები;

მეორე – ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც, ამავე დროს, არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.

მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“, – ნათქვამია დასკვნაში.