საზოგადოება
სააკაშვილისა და რასმუსენის შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში

saak-rasmusთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. „ნატოს დიალოგი მის განსაკუთრებულ პარტნიორ საქართველოსთან ღრმა და ინტენსიურია“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 აპრილს ბრიუსელში, სადაც ის შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა ბევრად უკეთესი სამუშაო თანამშრომლობა აქვს ნატოსთან, ვიდრე ოდესმე.

რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას – ორგანოს, რომელიც საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ძირითად ფორმატს წარმოადგენს.

პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ  ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორობა საქართველოსთან მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე სამი კუთხით აისახება.

„პირველი, რომ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში. მეორე, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ზოგადად ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ნატო-საქართველოს სპეციალური კომისიის ფარგლებში და, მესამე, რომ საქართველო განიხილება ასპირანტ ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ნატოს მომავალი წევრი“, – განაცხადა რასმუსენმა.

„მთლიანობაში, მე ვიმედოვნებ, რომ საშუალება იქნება, ეს ყველაფერი აისახოს სამიტის ძლიერ დეკლარაციაში“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, მოკავშირეებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ იმის თაობაზე, თუ რა ფორმატის იქნება ღონისძიებები, რომლებიც ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გაიმართება.

საქართველო პირველად ასპირანტ ქვეყნად 2011 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოიხსენიეს, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან ღიად გააფრთხილა თავისი კოლეგები ალიანსიდან, რომ ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა, პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურის გამეორებისკენ წააქეზოს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩიკაგოს სამიტზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „ვფიქრობ, ის ფორმატი, რომელსაც ჩიკაგოს [სამიტისთვის] ვიღებთ, სულ უფრო იმედის მომცემად გამოიყურება, ვინაიდან ის მართლაც უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა“.

რასმუსენმა საქართველოს სამაგალითო პარტნიორი უწოდა და განაცხადა, რომ ნატო მზად არის, განაგრძოს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებების მხარდაჭერა, მათ შორის, საქართველოში ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებით.

„საქართველო ალიანსის მიმართ ერთგულების, თანამშრომლობისა და კავშირების მხრივ სამაგალითო ქვეყანად იქცა და მოგიწოდებთ, რომ ასე გააგრძელოთ“, – განაცხადა მან.

„ეს გრძელი გზაა და ჩვენ მას ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით“, – განაცხადა რასმუსენმა.

„მაგრამ თქვენ უკვე მიაღწიეთ კარგ პროგრესს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე მე მჯერა, რომ თქვენ განაგრძობთ ამ პროგრესს და თქვენს რეფორმებს. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა და იმის შანსი იქნება, რომ აჩვენოთ, თუ რამდენად შორს წახვედით. ვიცი, რომ მოკავშირეები მას ყურადღებით დააკვირდებიან“, – განაცხადა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ როდესაც საქმე საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს ეხება, სახეზე აშკარა პროგრესია.

„მთლიანობაში, ნატო საქართველოში რეფორმების კუთხით განხორციელებულ ძალისხმევას ძალიან დადებითად აფასებს“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რასმუსენმა თავის განცხადებაში ორჯერ ახსენა საქართველო როგორც სამაგალითო.

„მე იანვარში პრეზიდენტ ობამას ვესტუმრე  და პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს უწოდა მოდელი მთელი რეგიონისთვის რეფორმების, ცვლილებებისა და დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, იმ ფაქტს, რომ თქვენც ამ სამაგალითო საქართველოზე საუბრობთ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ეს ხაზს უსვამს ჩვენს პროგრესს და, ასევე, იმას, თუ როგორი ერთგულები უნდა დავრჩეთ ჩვენ [ამ კურსის]“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღებით დააკვირდეს მთელ საარჩევნო პროცესს საქართველოში.

„წელს ჩვენ არჩევნები გვაქვს და ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ალიანსის წევრების ჩათვლით, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რათა მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელონ, მედიის მონიტორინგი ჩაატარონ, მონიტორინგი გაუწიონ პარტიების დაფინანსების მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭვირვალე პროგნოზირებადი სადამკვირვებლო სტანდარტების თვალსაზრისით და გამორიცხონ რაიმე ტიპის მოულოდნელობები და რაიმე ტიპის ... ზეწოლა გარედან და სხვა ნებისმიერი დესტრუქციული ელემენტების მხრიდან. ამდენად, ამ თვალსაზრისით ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი დახმარება წელს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვეულებრივ, ქვეყნები – განსაკუთრებით, ჩემს რეგიონში – ცდილობენ, თავიდან აირიდონ ნებისმიერი საერთაშორისო ჩარევა მათ საარჩევნო პროცესში; მაგრამ ჩვენ ეს გვინდა, რათა ეს ყველაფერი მდგრადი, ხოლო ინსტიტუციური მშენებლობა შეუქცევადი გახდეს“, – დასძინა მან.

მარტის დასაწყისში კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უმოკლეს ვადაში  მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით.  ODIHR თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე აგზავნის.

პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ წლის ბოლოს ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონის განთავსების შემდეგ საქართველო ნატოს ის უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ეყოლება „ISAF“-ის ოპერაციაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ერთგულება ავღანეთის მისიის მიმართ.

„ეს რთული მისიაა, – განაცხადა სააკაშვილმა, – მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ალიანსთან გვაახლოვებს, რომ ეს ეხმიანება საქართველოს ისტორიას, რომ იყოს უფრო ფართო დასავლური, ცივილიზებული და, ამ შემთხვევაში, დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა დევს სასწორზე ჩვენი მომავლისთვის.

„ნატოს ნებისმიერი წარუმატებლობა იქნება კიდევ უფრო მეტი წარუმატებლობა საქართველოსთვის. ეს ჩვენთვის ძალზედ ნათელია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცოტა ხნის წინათ ჩატარებული  არჩევნები არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივ პირობას და ჟენევის დისკუსიების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.