სამართალი
თბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქინფორმს აცნობებს, დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მისიის განხორციელებას ოთხი სტრატეგიული მიზანი უდევს საფუძვლად: ადვოკატის უფლებების დაცვა და პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა; ასოციაციის წევრების პროფესიონალიზმის ამაღლებისა და პროფესიული და საადვოკატო ეთიკის სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა; მართლმსაჯულების განხორციელებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა; ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება“, – განმარტავენ ასოციაციაში. ადვოკატთა ასოციაციის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით.