საზოგადოება
წლის ბოლომდე თბილისს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

sazogad-MANთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მასშტაბით უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდების მიზნით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომპლექსურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია ვაზისუბნის დასახლებასა და ლილოში, იქ სადაც მოსახლეობას წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება, ორ ახალ რეზერვუარს აშენებს. დღეისათვის თბილისის 90% უწყვეტად მარაგდება სასმელი წყლით. აღებული ვალდებულების თანახმად, 2012 წლის ბოლომდე კომპანია  თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის 100%-იან უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ვაზისუბნის რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა დაათვალიერეს.

„ვაზისუბანი, ლილოს დასახლება, მოსკოვის პროსპექტი, ქინძმარაულის ქუჩა, ასევე ორი შემოერთებული სოფელი – ეს ის ჩამონათვალია, სადაც ადამიანებს წლის ბოლოს 24-საათიანი წყლით მომარაგება ექნებათ. ჩვენ აქტიურად ვუწევთ მონიტორინგს ამ საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას, ჯერჯერობით მივდივართ გრაფიკით. 2012-ის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, რაც შემოერთებული ტერიტორიების წყლის უწყვეტ რეჟიმში მომარაგებას გულისხმობს“, – განაცხადა სამუშაოების დათვალიერებისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ.