აქტუალური
თბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს რეგიონული შეხვედრა „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2008 წლიდან ეუთოს მისიის მხოლოდ გარემოსდაცვითი ნაწილი განაგრძობს ჩვენს ქვეყანაში მუშაობას „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ სახით.
საქართველოში რეგულარულად იმართება სამხრეთ კავკასიაში „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ შეხვედრები, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ეუთოს გარემოსდაცვითი მიმართულება „გარემო და უსაფრთხოების“ ინიციატივის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების, 2011 წლის სამუშაო პროგრამის განხილვა და სამომავლო ქმედებების დასახვა. შეხედრაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციები, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO), გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის (ENVSEC Initiative), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNESE), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის აღმოსავლეთ პროგრამის (ENPI), ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN), ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), ორჰუსის ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.