პოლიტიკა
აფხაზეთის ახალმა პარლამენტმა სპიკერი აირჩია

v-abxazii-spikerთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ახალმა პარლამენტმა ვალერი ბგანბა საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად აირჩია. პარლამენტის პირველ სხდომაზე ვალერი ბგანბამ კენჭისყრის დროს ოპოზიციური კანდიდატი რაულ ხაჯიმბა დაამარცხა. 

ვალერი ბგანბა 90-იან წლებში დეპუტატი იყო, ხოლო 2002-2006 წლებში მას გაგრის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2007 წელს ხელმეორედ დეპუტატად არჩევამდე (გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს ისაფხაზეთის მაშინდელი ლიდერის – სერგეი ბაგაფშის, ოპოზიციაში მყოფი კანდიდატი იყო), იგი ქალაქ გაგრაში მდებარე სანატორიუმ „ამრას“ დირექტორი იყო. ბგანბა ერთ-ერთი იმ ხუთი დეპუტატიდანაა, რომელთაც მარტში გამართული არჩევნების ორი ტურის შემდეგ ახალ პარლამენტში ადგილები შეინარჩუნეს.

რაულ ხაჯინბამ, ოპოზიციური „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის“ ლიდერმა, რომელმაც ბგანბას სპიკერად არჩევა მიულოცა, განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ, რომ კენჭისყრის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა და რომ ეს დიდი ხნით ადრე გადაწყდა მთავრობასა და დეპუტატების უმრავლესობას შორის გარიგების შედეგად. მან აღნიშნა, რომ ეს, ფაქტობრივად, მთავრობის ზეწოლა იყო საკანონმდებლო ორგანოზე და სინანული გამოთქვა, რომ დეპუტატებმა ვერ შეძლეს, შეწინააღმდეგებოდნენ ამ ზეწოლას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

„ჩვენ ვეუბნებოდით ამომრჩევლებს [კამპანიის დროს], რომ ჩვენ მთავრობისგან დამოუკიდებელი შტო უნდა ვიყოთ და რომ არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სრულიად საწინააღმდეგო გამოდგა“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ 3 აპრილს ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.

ბგანბამ უარყო მთავრობის როლი მის არჩევაში და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება კონსტრუქციულ ოპოზიციას პარლამენტში.

ასევე, 3 აპრილის პირველ სხდომაზე აფხაზეთის პარლამენტმა ოთხი ახალი ვიცე-სპიკერი აირჩია (წინა მოწვევის პარლამენტს სამი ვიცე-სპიკერი ჰყავდა). პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემაც და აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმაც, რომელთაც დეპუტატებს მიმართეს, განაცხადეს, რომ მეტი ვიცე-სპიკერია საჭირო პარლამენტის უცხოური კონტაქტების გასაძლიერებლად.