თბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტში შეხვედრა საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებთან დღეს შედგება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. ისინი სტუმრებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გააცნობენ.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, კანონში პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება აღარ იარსებებს; პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება, პირს შეზღუდვები დაუწესოს; დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება; ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება; პირს სამეწარმეო საქმიანობა არ შეეზღუდება, თუ ის უშუალოდ საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება; შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა. „პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ“ კანონის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია აღარ გაუქმდება და ა.შ.
აღნიშნულ ცვლილებებზე კონსულტაციები კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს შორის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.