პოლიტიკა
ჯონ ბასი: „სასურველი არჩევანი საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული“

Djonთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ბათუმში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

„არის მითქმა-მოთქმა, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და აშშ-ს ჰყავს სასურველი კანდიდატი.

აღვნიშნავ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და მისი მოსახლეობის სწრაფვას დემოკრატიისკენ და მხარს უჭერს მათ ამ პროცესში. ჩვენ არ გვყავს სასურველი პარტია, სასურველი კანდიდატი ან არ გვაქვს სასურველი შედეგი, რომელსაც ველოდებით საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და თავად საქართველოს მოქალაქეების არჩევანზეა დამოკიდებული სასურველი კანდიდატების არჩევა“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი. „ჩვენი ყურადღება კი იქნება მიმართული იმისკენ, რომ მხარი დაგიჭიროთ და თქვენ შექმნათ მაქსიმალურად კონკურენტული საარჩევნო გარემო, არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფლად და სამართლიანად. ამის შედეგად იყოს არჩეული ისეთი პარლამენტი, რომელიც ასახავს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვან აზრს და შეხედულებას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში განმტკიცდეს რწმენა დემოკრატიული პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების ლეგიტიმურობის მიმართ, რომლებიც არჩევნების შედეგად უნდა შეიქმნას“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.