აქტუალური
„ეს შენ გეხება“ პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

aqt-MANთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. როგორც „ეს შენ გეხებას“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები დადებითად აფასებენ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის მარტში კამპანიის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, უმოკლეს ვადაში მოეწვია ეუთოს / დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ე.წ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

„ეს შენ გეხებას“ წევრები დადებითად აფასებენ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნატოს შტაბ-ბინაში გაკეთებული განცხადება, სადაც ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, პარტნიორ ქვეყნებს, ალიანსის წევრების ჩათვლით, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რათა მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელონ, მედიის მონიტორინგი ჩაატარონ, მონიტორინგი გაუწიონ პარტიების დაფინანსების მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭირვალე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კამპანიის წევრები მიესალმებიან აღნიშნულ ინიციატივას და იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დროულად დაიწყონ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება საქართველოში.