პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: „ქართველ ხალხს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას“

CHACIAგაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ გთავაზობთ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს დასკვნით ნაწილს.

– საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მდგრადი პოლიტიკური პარტიები კლასიკური სახით, – თავისი იდეოლოგიით, ღირებულებათა ბაზით, ცვლადი ხელმძღვანელობით. რა არის მიზეზი? რატომ რჩება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამორფული, უშინაარსო?

– საქმე ისაა, რომ ყველა ჩვენი პარტია ყალიბდებოდა «ზემოდან», ერთი კონკრეტული ლიდერისთვის, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში – თავის ოჯახში, ნათესავებში, თანამშრომლებში, უბნელებში სიმპათიით სარგებლობდა. არავინ დაინტერესებულა, როგორი იდეოლოგია აქვს ასეთ პარტიას – მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტული თუ რაიმე სხვა. პარტიებს შორის განსხვავებას ლიდერების პიროვნება განსაზღვრავდა, პარტიის  სახელსაც კი არ ჰქონდა არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა. მოეწონებოდათ სახელი და ისე დაირქმევდნენ, რომ მისი მნიშვნელობა გააზრებულიც კი არ ჰქონდათ. ბუნებრივია, ასეთი, ყურით მოთრეული პარტიები მასობრივი ვერ გახდებოდნენ. ასეთ ფონზე წამყვანი ძალა სახელისუფლო პარტია – შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი ხდებოდა, რომლის ნაწილიც შემდგომ «ნაციონალურ მოძრაობად» გარდაისახა. სახელისუფლო პარტიასაც არანარი იდეოლოგია არ გააჩნდა, ჰქონდა ამოცანა – პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდაჭერა.

ასეთ პარტიას არანაირი სტრატეგიული პერსპექტივა არ შეიძლება ჰქონდეს. თუ გაიხსენებთ, ჟვანია აცხადებდა, რომ მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებაში დიდი ხნით – რამდენიმე ათეული წლით მოვიდა, მაგრამ, როგორც კი შევარდნაძე გადადგა, მოქალაქეთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. იგივე დაემართება მის ახალგაზრდულ ფრთასაც – «ნაციონალურ მოძრაობას», როგორც კი სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან წავა. ეს ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის წესია – პარტიები იქმნება ლიდერის  და არა იდეოლოგიის გარშემო. მიდის დამფუძნებელი ლიდერი და კვდება პარტიაც. ასე, უკვე 20 წელიწადია, გრძელდება და ასე იქნება კიდევ დიდხანს, ალბათ, მანამ, ვიდრე საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის დასავლურ პრინციპზე – მის პარტიებად დაყოფაზე არ ვიტყვით უარს. მიაქციეთ ყურადღება: ყველა წუწუნებს იდეოლოგიის მქონე პარტიების არარსებობის გამო, მაგრამ, როგორც კი ივანიშვილმა განაცხადა თავისი პარტიის შექმნის თაობაზე, ათასობით ადამიანი მივარდა გასაწევრიანებლად, მაგრამ განა ვინმე დაინტერესდა, თუ როგორია ამ პარტიის იდეოლოგია, ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სოციალური პრიორიტეტები? ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია აღფრთოვანება, რომელიც კლასიკურ ფრაზაში გამოიხატა: «მხოლოდ თქვენ გადაარჩენთ საქართველოს!». როგორ, რა ხერხებით, როგორი საგარეო პოლიტიკით, ეკონომიკური მოდელით, როგორი სოციალური რეფორმებით, – ამით არავინ დაინტერესებულა. თავის დროზე ასეთივე ეგზალტირებული მოწოდებით მიმართავდნენ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც.

 

საზოგადოებაში ავტორიტეტული ლიდერების მწვავე დეფიციტია...

– დიახ, და ეს პარტიათა ფორმირების ფესვგადგმული პრაქტიკის შედეგია. პარტიული ლიდერები ვერ ახერხებენ სათანადო ავტორიტეტის მოპოვებას ან მალე კარგავენ მას. თუ ადამიანი პარტიას არა იდეოლოგიური პრიორიტეტების პრინციპით ქმნის, არამედ საკუთარ თავზე ირგებს, მაშ, რით მოიზიდოს მხარდამჭერები? იგი მათ ჰპირდება ადგილებს პარლამენტში, ფულიან თანამდებობებს, კარგ ბიზნესს. ამგვარად, პარტიები, პარტიული გუნდები ყალიბდება არა ქვეყნის განვითარების იდეების რეალიზაციისთვის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მომგებიანი დასაქმების მიზნით. პოლიტიკა ბიზნესი გახდა. ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ გარიგებებს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, განხეთქილებას პარტიებში, ერთი და იმავე სახეების გადასვლას პარტიიდან პარტიაში. ჩვენ ხომ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო დასახელების მქონე ხუთ-ექვს პარტიაში. იდეოლოგიის, სტრატეგიული მიზნების არარსებობამ, პარტიული ლიდერების უპრინციპობამ მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვია. ეს, სხვათა შორის, მათ ნაკლებად აღელვებთ. მათ იციან, რომ შეიძლება შეხვიდე პარლამენტში, თუ ამერიკელებს მოეწონები, და ისინი ხელისუფლებას მითითებას მისცემენ ამა თუ იმ პარტიის შეყვანის თაობაზე. ამიტომ ბოლო წლების მანძილზე ოპოზიციური პარტიების საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ ამერიკელებისთვის საკუთარი მზადყოფნა და უნარი, შეესრულებინათ მათი მითითებები უკეთ, ვიდრე ამას მოქმედი ხელისუფლება აკეთებს.

– ბოლო ორი-სამი წელია, ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა დაიწყო სკეპსისის გამოხატვა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ გამოდიან, ეროვნული ღირებულებებისკენ, ეროვნული ღირსებისკენ მიბრუნებას მოგვიწოდებენ. დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოსვლას ვუსმენ და ხანდახან მეჩვენება, რომ ისინი თქვენი 10-15 წლის წინანდელი სტატიებიდან ამონარიდებს კითხულობენ...

– არიან ასეთებიც, მაგრამ ასეთები გახდნენ იმიტომ, რომ ამერიკელებმა თქვეს უარი მათი ამბიციების დაკმაყოფილებაზე, მიახვედრეს, რომ ქვეყნის ლიდერებად მათი კანდიდატურები არ განიხილება. გაიხსენეთ ამ პოლიტიკოსების ადრინდელი პოლიტიკური კარიერა. რომელი არ იყო მათ შორის ჯერ შევარდნაძესთან, შემდეგ კი სააკაშვილთან? რას ელაპარაკებოდნენ მაშინ ხალხს? ნატოში უმოკლეს ვადაში შესვლაზე, ევროკავშირზე, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, «დასავლური ღირებულებების» დანერგვაზე, «სამარცხვინო წარსულზე» უარის თქმაზე, მტერზე რუსეთის სახით. სხვათა შორის, ამერიკელებისგან უარის მიღების შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა მხარდაჭერისთვის სწორედ რუსეთს მიმართა, იქ კი კარგად ახსოვთ მათი პოლიტიკური წარსული, თუმცა ზრდილობიანად მიიღეს, გაუღიმეს კიდეც, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერის მოპოვება ურჩიეს. იქნებ ახლა მაინც, როდესაც «ძია სემის» და «ძია ვანიას» დახმარების იმედი დაეკარგათ, ამ პოლიტიკოსებმა მკაფიო იდეოლოგიური კონცეფციის შემუშავება დაიწყონ, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებსა და სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული და ამგვარად სცადონ ერის მხარდაჭერის მოპოვება, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ელჩის მისაღებში საკუთარ რიგს დაელოდონ.

პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, იდეების ბრძოლაა. პოლიტიკური ლიდერები იდეური  ადამიანები უნდა იყვნენ, ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე საკუთარი ხედვა, ერისა და სახელმწიფოს განვითარებაზე საკუთარი კონცეფცია უნდა გააჩნდეთ. შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მოქმედ «მჭიდში», რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების შესახებ პროგრამული სტატიის ავტორი? წიგნზე არ ვამბობ, თუნდაც ერთი უბრალო სტატიის ავტორი რომ იყოს? ისინი ურიცხვ ინტერვიუს აძლევენ, რომლებშიც სააკაშვილის სკანდალურ ქცევას განიხილავენ, ერთმანეთს პრეტენზიებს უყენებენ, საკუთარ თავს იქებენ, სხვებს კიცხავენ. განა შეიძლება ამ ინტერვიუებიდან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ მათი პოზიციის გაგება? პარტიული პროგრამები ერთნაირია, მათ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი, უბრალოდ, დასავლური ნიმუშებიდანაა გადმოწერილი და ქართულ სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაშ, რის საფუძველზე უნდა მისცეს მათ ამომრჩეველმა ხმა? ყველა «საქართველოს აყვავებას» გვპირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა გზით უზრუნველყოფენ ისინი ამ «აყვავებას»? შევარდნაძეც გვპირდებოდა, სააკაშვილიც...

სააკაშვილმა გელათის ტაძარში ფიციც კი დადო...

– სააკაშვილს ფიცი არ დაუდვია. ფიცი ჰქვია ტექსტს, რომელშიც არის სიტყვა «ვფიცავ!» სააკაშვილს ეს სიტყვა ერთხელაც არ უთქვამს. ეს იყო გამოსვლა ეკლესიაში, ამერიკული სპიჩი მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც, გაუგებარია, რატომ დაუშვა ჩვენმა ეკლესიამ.

– საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას აყალიბებს იდეების ბრძოლა, ანუ იდეალში – პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ჩვენს პარტიებს იდეების არქონის მიზეზითასეთი კულტურის ფორმირება არ შეუძლიათ. მაგრამ პოლიტიკური კულტურის გარეშეჩვენი საზოგადოება დაუცველია სხვადასხვაგვარი მანიპულაციებისგან. ეს ჩაკეტილიწრეა. როგორ გავარღვიოთ ეს წრე?

– დიახ, ქვეყნის საზოგადოება, ერი დაუცველია და ამიტომაც ამდენი წლის მანძილზე ბინძური პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლს წარმოადგენს. ჯერჯერობით გამოსავალი მხოლოდ ერთია: აუცილებელია, ჩვენი საზოგადოების პატრიოტულმა, ეროვნულად ორიენტირებულმა წარმომადგენლებმა ფართო საგანმანათლებლო საქმიანობა გაშალონ – აუხსნან ხალხს მსოფლიო განვითარების თანამედროვე ეტაპის თავისებურებანი, მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციები, რეგიონული პრობლემები, საქართველოს ისტორიული თავისებურება, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის სპეციფიკა. ხალხი არაა დამნაშავე იმაში, რომ ეს ყველაფერი არ იცის. სასწავლო დაწესებულებებში ამას არ ასწავლიან, ტელევიზია ამ პრობლემებს აყალბებს, პოლიტიკოსები ერს მითებს ახვევენ თავს. საჭიროა ილია ჭავჭავაძის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტიპის პოლიტიკური განათლების სისტემა.

– წამიკითხავს, რომ თქვენი ბაბუა აფხაზეთში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ედგა სათავეში... 

– დიახ, ხსნიდა და ინახავდა სკოლებს. მაშინ შეძლებული ხალხი მეტს ფიქრობდა ერის მომავალზე, ვიდრე დღევანდელი მდიდრები.

ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომელიც პლანეტის საკმაოდ სახიფათო კუთხეში ვცხოვრობთ. ჩვენი ერის სიცოცხლესა და სახელმწიფოს არსებობაზე პასუხისმგებლობა ყველა ქართველმა უნდა იტვირთოს. ამისთვის იგი კომპეტენტური უნდა იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებში, რათა მოტყუებული არ დარჩეს როგორც გარე ძალების, ისე ადგილობრივი პოლიტიკური ავანტიურისტების მხრიდან. ცოდნა და დიპლომატია – ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელთაც შეუძლია გადაარჩინოს ქართველი ერი ამ ვერაგ საუკუნეში. ჩვენმა ხელისუფლებამ კოლოსალურ საგარეო ვალში ჩააგდო ქვეყანა, მაგრამ ფული არც სახალხო მეურნეობის განვითარებაზე, არც განათლებასა და მეცნიერებაზე არ დახარჯულა, არამედ ჯარისა და სამართალდამცავი სისტემის შენახვასა და შეიარაღებაზე წავიდა. ვისთან ვაპირებთ ომს? თუ ვაპირებთ, რომ შეიარაღებული ძალები მეზობლებთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ, მაშინ ჩვენ შეიძლება სამი ჰიპოთეტური მოწინააღმდეგე გვყავდეს – რუსეთი, თურქეთი, ირანი (ყველა მეზობლის უკან სწორედ ეს სახელმწიფოები დგანან). როგორი უნდა იყოს ქართული ჯარი, რათა რომელიმე მათგანს შეებრძოლოს? თეორიულად მაინც შესაძლებელია კი ასეთი ჯარი გვყავდეს?

საქართველოში წამყვანი, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალპროფესიული სახელმწიფო სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. ქართველი დიპლომატები მიზანდასახულად უნდა მუშაობდნენ მთელ მსოფლიოში, ამყარებდნენ სარფიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების პროპაგანდას ეწეოდნენ.  ასეთი საქმიანობა, განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან ერთად, უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის შედარებით უსაფრთხო არსებობას. საქართველო მსოფლიოში ცნობილი უნდა იყოს არა პრეზიდენტის ექსცენტრიულობით, ეთნოკონფლიქტებით დამძინარე მოსახლეობის დაბომბვით, არამედ მშვიდობიანი შემოქმედებითი საქმიანობით, გამორჩეული დიპლომატიით, მოსახლეობის განათლების მაღალი დონით, მეცნიერული და კულტურული მიღწევებით.

მივუბრუნდეთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს. თქვენ უკვე გამოთქვით მოსაზრება «ქართული ოცნების» საქმიანობის შესახებ. არის კიდევ რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელთა შესახებაც საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი გაგვეგო.მაგალითად, «სახალხო კრება» ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით...

– მე, როგორც წესი, კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების შეფასებისგან თავს ვიკავებ, პირველ რიგში,  იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ამ პარტიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ კიდეც. მეორეც, ამ პარტიების ლიდერთა უმრავლესობა შევარდნაძისა და სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრები არიან, ამ გუნდების მიმართ კი სიმპათიით განწყობილი არ ვარ. და მესამე, – არ მინდა, ჩემი შეფასებებით მათ ოპოზიციურ საქმიანობას ხელი შევუშალო, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ ისინი ოდესმე ჩამოყალიბდებიან რეალურ ეროვნულ ძალად, რომელიც  ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებებს გამოხატავს. რაც შეეხება «სახალხო კრებას», მასში გაერთიანებულია ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც პატივს ვცემ მათი პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გამო და რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ამასთან, ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, სასურველი იქნებოდა, რომ ამ გაერთიანების ლიდერი ნაკლებად იყოს დაკავებული საკუთარი თავის ქებით, თვითტკბობით და  მეტად ეცადოს, დაანახოს მოსახლეობას, თუ რეალურად რით განსხვავდება ყოფილი თანაგუნდელებისგან. მგონი, ჰიპერტროფირებული წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე მას ხელს უშლის, რეალურად შეაფასოს საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში. ის საკუთარ თავზეც კი მხოლოდ მესამე პირში საუბრობს, როგორც ამას თურქეთის სულთნები და ინდიელთა ბელადები აკეთებდნენ. ეს ძალიან სასაცილოა და მას ავტორიტეტს არ ჰმატებს. მითუმეტეს, რომ მას, ჩემი აზრით, წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით საამაყო არაფერი აქვს...

– რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მინდია გულუამ ასევე ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია და ძალაუფლებისთვის ბრძოლა წამოიწყო...

– მე მას არ ვიცნობ და არაფერი ვიცი პარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. რაღა დაგიმალოთ, მე ორადორი ლიდერი ვიცი, რომლებიც საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკურ ბრძოლას და ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში – ვლადიმერ ლენინი და აიათოლა ჰომეინი, მაგრამ ლენინს ძლიერი იდეოლოგია და სტალინი ჰყავდა, ხოლო ჰომეინი შიიტური სამყაროს აღიარებული სულიერი ლიდერი იყო.

– გულუასაც აქვს საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იდეა: იგი აფხაზეთის დაბრუნებას გვპირდება. პირდაპირ ასე აცხადებს: «მე დავაბრუნებ აფხაზეთს». იგი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული პროგრამა აქვს.

– თამამი განცხადებაა. ასეთი სითამამე ქართული პოლიტიკის ყველა პერსონაჟს ახასიათებს არჩევნების წინ, თუმცა, თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ასეთი პროგრამა რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში  შეიძლება იყოს,  თუ იგი აფხაზურ მხარესთან ერთობლივად იქნება შემუშავებული რუსეთის ფედერაციის შუამავლობით. მე კარგად ვიცნობ სიტუაციას აფხაზეთში, პირადი ურთიერთობა მაკავშირებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან,  პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებთან და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი, რომელთანაც აფხაზები რეინტეგრაციის პრობლემაზე სასაუბროდ მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას. მეტიც, არც ისეთი ლიდერი არსებობს, რომელსაც ასეთ მოლაპარაკებაში  პარტნიორად ჩართვაზე მოსკოვი აფხაზებთან რეკომენდაციას გაუწევდა.

შევარდნაძესა და სააკაშვილს არაერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, რეინტეგრაციული პროცესები დაეწყოთ, მაგრამ ამისთვის მათ უარი უნდა ეთქვათ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ბოდვით იდეაზე და სამხრეთ კავკასიაში ამერიკის მარიონეტის როლზე. ორივემ მარიონეტობა არჩია, ხოლო სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ საკითხს. თქვენ ხომ იცით, აფხაზურ რადიკალურ წრეებს ძალიან ეშინოდათ, რომ შევარდნაძის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდოდა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. ისინი პირდაპირ ამბობდნენ: «თუ საქართველოს მმართველი  რუსეთის მეგობარი იქნება, მაშინ რუსები ისევ გვაიძულებენ, გავერთიანდეთ ქართველებთან», მაგრამ სააკაშვილმა ისინი ძალიან გაახარა, როდესაც შევარდნაძის საგარეოპოლიტიკური კურსისადმი ერთგულება დაადასტურა და პირდაპირ გააბედნიერა, როდესაც ცხინვალის ომი დაიწყო. სოხუმში მაშინ უნდოდათ, ძეგლიც კი დაედგათ სააკაშვილისთვის, როგორც აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მამისთვის. მართალია, ძეგლი კარიკატურული უნდა ყოფილიყო.

დღეს პრაქტიკულად ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. თვისობრივად ახალი რეინტეგრაციული პროექტია საჭირო, რომელსაც წარადგენენ ახალი, სისხლითა და მტრობით გაუსვრელი პოლიტიკოსები. თანაც ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც როგორც აფხაზების, ასევე რუსული მხარის ნდობით სარგებლობენ.

ამ თვალსაზრისით, მე ივანიშვილის იმედი მქონდა, მაგრამ მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, ანუ იმთავითვე ხაზი გადაუსვა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში პოზიტიური ცვლილებების ყველა იმედს. დაიმახსოვრეთ:პოლიტიკოსი, რომელიც მიზნად ნატოში შესვლას ისახავს, ვერასოდეს გაამთლიანებს საქართველოს, უფრო კი სხვა რეგიონებს დაკარგავს.

პოლიტიკური პარტიების დაბალი ავტორიტეტის ფონზე, ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა ნდობის რეიტინგი. ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, თავიანთ საქმიანობაში ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვონ, მაგრამ, ჩემი აზრით, დღევანდელ პირობებში ეკლესია თვითონ საჭიროებს დაცვას. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თქვენ ხშირად წერდით საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება ქართულ მართლმადიდებლობას, გვთავაზობდით კიდეც, შექმნილიყო მართლმადიდებლობის დაცვის სამოქალაქო კავშირი. მგონი, ბოლო წლებში თქვენი შიში გამართლდაეკლესიაზე ზეწოლამ ტოტალური ხასიათი მიიღო. შეიძლება თუ არა ისე მოხდეს, რომ ეკლესიამ, საფრთხის გამო, რომელიც მის არსებობას ემუქრება, მყარი პოლიტიკური პოზიცია დაიკავოს?

– საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ეკლესიას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდიფერენტული პოზიცია ეკავა. ჩვენ არ გაგვიგია ეკლესიის პროტესტი ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ, ერისთვის დამღუპველ მომენტებში. ეკლესიამ არ დაგმო სახელმწიფო გადატრიალება და კანონიერი პრეზიდენტის დამხობა, რომელიც ხალხმა თითქმის ერთხმად აირჩია, თანაც ერთადერთ სამართლიან არჩევნებში  ჩვენს ისტორიაში. ამ დანაშაულმა საშინლად შეურაცხყო ქართველი ხალხი და იგი ეკლესიის რეაქციას, მის მხარდაჭერას ამაოდ ელოდა. ეკლესიამ არ აღიმაღლა ხმა, როდესაც შევარდნაძემ აფხაზეთში ომი დაიწყო, როდესაც სამეგრელოში დამსჯელი რაზმები გაუშვა საყაჩაღოდ და ერთმორწმუნე თანამემამულეების დასახოცად. საერთოდ, ეკლესიის ხელმძღვანელობა ყველაფერში მხარს უჭერდა შევარდნაძეს, თუნდაც იმ დასავლური «დემოკრატიული» ნორმების იძულებით დანერგვაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლურ ღირებულებებს და თვითონ ეკლესიის მომავალს უქმნიდა საფრთხეს. ზუსტად ამის შესახებ ვწერდი მაშინ პრესაში და პირადად ვეუბნებოდი პატრიარქს. რაკი ეკლესიის მორჩილება და გულგრილობა დაინახეს, შევარდნაძის მემკვიდრეები მართლმადიდებლობის პრობლემის კარდინალურ გადაჭრას შეუდგნენ – მართლმადიდებლური სულიერი ღირებულებების ტოტალურ გამოდევნას, ეკლესიისა და მის მსახურთა დაცინვას, ეკლესიის უფლებების შეზღუდვას, რელიგიურ სექტებთან მის ფაქტობრივ გაიგივებას. ეს მარტივი მიზეზის გამო ხდება: მართლმადიდებლობა დასავლურ ღირებულებებთან, ზნეობრივ ნორმებთან, ამერიკული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია. ვერც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში დასავლეთი ვერ ახერხებს, დაუმორჩილოს ხალხი თავის ზნეობას,  ცხოვრების პრინციპებს. გაიხსენეთ, რას ამბობდა ამერიკელი იდეოლოგი ბჟეზინსკი: კომუნიზმის კრახის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა ერთი მტერი – მართლმადიდებლობაო. ჩვენმა «რეფორმატორებმა» გადაწყვიტეს, აჩვენონ ამერიკელ პატრონებს, რომ მართლმადიდებლობის დისკრედიტირება, გამოდევნა, განადგურება შეიძლება და ამ გზით ერის გენეტიკური კოდის შეცვლაც შესაძლებელია. მე ვამაყობ იმით, რომ ქართველმა ხალხმა იგრძნო ეს საშიშროება და მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად დადგა, თუმცა თავად ეკლესიამ არ დაიცვა ხალხი მისთვის მძიმე მომენტებში. ხალხის სწორედ ამ პოზიციით აიხსნება ეკლესიის მაღალი რეიტინგი, მაგრამ ეს არ არის ეკლესიის დამსახურება. ეროვნული თვითგადარჩენის გრძნობამ შეკრიბა ხალხი ეკლესიის, როგორც ტრადიციული ღირებულებების ერთადერთი დარჩენილი ინსტიტუტის, გარშემო.   ცხადია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ ცალკეული სასულიერო მოღვაწეების და თუნდაც ეკლესიის იერარქების საზოგადოებრივ აქტიურობას. მე ღრმა პატივისცემით ვეპყრობი ამ მამაც ადამიანებს, რომლებიც საქვეყნოდ კიცხავენ ხელისუფლების ცოდვას და დანაშაულს, მის მიერ  შექმნილ ეროვნული სულის ჩამხშობ სისტემას. ამ საეკლესიო მოღვაწეებს მიაქვთ ხალხთან მართალი სიტყვა, აიმედებენ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ამ გზით აძლიერებენ ქართული ეკლესიის ავტორიტეტს. ბევრი მათგანი თქვენს გაზეთშიც იბეჭდება. ვფიქრობ, მათი აქტიური პოზიციისა და ქართულ მონასტრებში ბერების გარემოში დუღილის წყალობით კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც აძლევს თავს უფლებას, გამოვიდეს კრიტიკული შეფასებებით ხელისუფლების განსაკუთრებით მიუღებელი ქმედებების წინააღმდეგ. უფრო კატეგორიულ და პრინციპულ პოზიციას მისგან არ უნდა ველოდოთ. საქართველოს ისტორიაში იყვნენ კათოლიკოსები, რომლებიც ძალიან მკვეთრ პოზიციას იკავებდნენ ხელისუფლების მიმართ, თუ ხედავდნენ, რომ ხელისუფლება ვნებს ხალხს და სახელმწიფოს. ილია მეორე მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. იგი ძალიან წესიერი, ღირსეული ადამიანია, მაგრამ მებრძოლი არ არის. პირიქით, ჩვენ – საზოგადოებამ, ხალხმა პატრიარქისადმი თაყვანისა და პატივისცემის გამოხატვით უნდა დავიცვათ იგი როგორც ხელისუფლებისგან, ასევე გადაგვარებული, უპრინციპო სასულიერო პირებისგან, მათ შორის წმინდა სინოდის გაყიდული წევრებისგან. ილია მეორე დღეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის გარანტი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ადამიანი უკვდავი არ არის. პირადად პატრიარქი, მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლიც უნდა დაფიქრდეს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ეკლესიას ილია მეორეს შემდეგ. ხელისუფლება შეეცდება, წმინდა სინოდის მოსყიდული წევრების გამოყენებით «რეფორმატორი», ეკუმენისტი, «ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა» მიმდევარი დასვას პატრიარქის ტახტზე. ამ შემთხვევაში ეკლესიის გახლეჩას თავს ვერ ავარიდებთ, ეს კი საზოგადოების, ერის გაყოფას, ერთადერთი გამაერთიანებელი სულიერი ძალის ჩამორთმევას, ერის საყრდენის გამოცლას ნიშნავს. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას შეეძლება, ამერიკელებს პატაკი ჩააბაროს:  მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევისა და განადგურების ექსპერიმენტი წარმატებით დავასრულეთ და ამაშიც მაგალითი შეგვიძლია ვიყოთ სხვა ქვეყნებისთვისო.

მინდა, საქართველოში მომავალი პოლიტიკური პროცესების შესახებ თქვენგან რაიმე ოპტიმისტური გავიგო. ნუთუ ამ გაუგებრობის, გაურკვევლობის, საყოველთაო ტყუილისა და ღალატის პერიოდი არასოდეს დასრულდება?

– საქართველოს თავის ისტორიაში მართლაც ყველაზე საშიში პერიოდი აქვს. მგონი, ხალხი სწორად ვერ აფასებს დღევანდელი მდგომარეობის კატასტროფულობას ჩვენი სამშობლოსთვის. ხშირად შეიძლება გავიგონოთ, რომ თურმე საშინელი არაფერი ხდება, საქართველოს გადაუტანია უფრო რთული პერიოდებიც. არა, არ გადაუტანია! დიახ, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე იშვიათად ყოფილა ერთიანი სახელმწიფო, იყო რამდენიმე სამეფოდ  დაშლილიც, არ გააჩნდა დამოუკიდებლობა, იყო ღატაკიც და აოხრებულიც. თუ ყველა იმ წლებს შევაჯამებთ, როცა საქართველო ერთიანი იყო, ჯამში, საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, 200-250 წელიწადი დაგროვდება. მაგრამ დაყოფის პერიოდშიც კი ეს ჯუჯა სახელმწიფოები მაინც ქართული იყო: იქ ცხოვრობდნენ ქართველები, ჟღერდა და ვითარდებოდა ქართული ენა, მოქმედებდა ქართული ტაძრები, იქმნებოდა ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები. შევარდნაძისა და სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგად კი, პირველად ისტორიაში, ძირძველ ქართულ მიწებზე არაქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეიქმნა, რომლებშიც ქართველებისთვის, ქართული ენისთვის, ქართული კულტურისთვის ადგილი არ არის, ანუ ქართველი ხალხის არეალი, სასიცოცხლო სივრცე მკვეთრად შემცირდა. მეტიც, ანალოგიური პროცესებისთვის ნიადაგი მზადდება სხვა ქართულ რეგიონებშიც. ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ერისთვის ისეთი დამღუპველი მოვლენა, როგორიც ქართული მოსახლეობის მასიური ემიგრაციაა. ემიგრაციამ კატასტროფული მასშტაბები მიიღო. საბჭოთა პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს მოსახლეობა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენდა, დღეს ავტორიტეტული ექსპერტების შეფასებით – 3,6-3,8 მილიონი ადამიანია. რამდენია მათ შორის ქართველი?

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვართა ხუთეულში მესამე ადგილზეა გვარი მამედოვი, ხოლო მეხუთეზეალიევი...

– ეს ხელისუფლების პოლიტიკის ბუნებრივი შედეგია. და კიდევ რამდენ ქართველს უნდა ლუკმაპურის საძებნელად საქართველოდან წასვლა? ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ამას გარდა, არასოდეს ყოფილა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება, ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა თვითონ ცდილობდეს  ქართული საზოგადოების გახრწნასა და გარყვნას, ტრადიციული ზნეობის, ქცევის ნორმების, სულიერების, ეროვნული სპეციფიკის, სოციო-კულტურული თვითმყოფადობის, ანუ ყველაფერ იმის განადგურებას, რაც ქართველობას განსაზღვრავს. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ქართველ ხალხს თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას და, სამწუხაროდ, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს რთული პერიოდი ჩვენთვის პოზიტიურად დამთავრდება.

ჩვენი საუბარი, საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ისეთ აქტუალურ თემებს შევეხეთ, რომელიც ბევრს აღელვებს და მიმდინარე მოვლენების თქვენეული შეფასება საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს. დარწმუნებული ვარ, რომ რედაქცია ბევრ გამოხმაურებას მიიღებს ამ ინტერვიუს შემდეგ, მათ შორის იქნება შეკითხვები თქვენთანაც. წინადადება მაქვს,შევკრიბოთ ეს შეკითხვები და უკვე მკითხველის სახელით დაგისვათ.

– ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, გავიგო მკითხველის აზრი იმ თემებზე, რომლებსაც შევეხეთ და ყველა ახალ შეკითხვას სიამოვნებით ვუპასუხებ.

ესაუბრა ირაკლი თოდუა

www. geworld.ge