თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მალაიზიაში, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გაემგზავრა, სადაც ის მალაიზიელ კოლეგებთან ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.
საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საპატიმროში უკვე მოინახულეს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე და გაეცნენ მათი დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.„საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ამ დრომდე იმყოფება მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის – მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველ ადვოკატებთან“, – აცხადებენ პროკურატურაში.
დღეს მალაიზიაში გამართულ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაითვალისწინეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებები და პოზიცია და საქართველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძეს შეუმსუბუქა ბრალი და სიკვდილით დასჯის ნაცვლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 30 მარტს კი, დარეჯან კოხტაშვილის მიმართ სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და მას სიკვდილით დასჯის ნაცვლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად მალაიზიაში დაკავებული საქართველოს ორივე მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე უმძიმეს სასჯელს – სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ და მათ მიმართ წაყენებული ბრალის გათვალისწინებით, მინიმალურ სასჯელს მოიხდიან.
შეგახსენებთ, მალაიზიის სახელმწიფოში ნარკოტრეფიკის დანაშაულის ჩამდენს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიური კანონმდებლობით უმძიმესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით ემუქრებოდათ.