სამართალი
მანანა მანჯგალაძე: „რაც მთავარია, მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ“

manana-manjghvaladze111თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მალაიზიაში დაკავებულმა ქართველმა ქალებმა სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე მოიხადონ.

მანჯგალაძის განცხადებით, პროკურატურამ საგარეო უწყებასთან ერთად დიდი სამუშაოები ჩაატარა.

„ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პრეზიდენტის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო იმ პირებს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართულნი. გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით მალაიზიაში მორიგი სამუშაო ჯგუფი გაემგზავრა, რათა დარეჯან კოხტაშვილის მსგავსად ბაბუცა გორდაძისთვისაც სასჯელის შემსუბუქება მომხდარიყო და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა. რაც ყველაზე მთავარია, მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.