აქტუალური
თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია და ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ დღეს ბრიფინგს მართავენ თემაზე „ნაცმოძრაობის უფასო სასადილოების სალაფავი ვაჭამოთ სააკაშვილს!“
„ბრიფინგზე განიხილება სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ყველა უმსგავსოება, რაც ახლავს ამ მეტად ღირსებისამყრელ პროგრამას საქართველოს მოსახლეობის გაღატაკებისა და მონებად ქცევის პროცესში. განსაკუთრებით ხაზი გაესმება მის შემადგენელ ნაწილს, უმტკივნეულეს ქვეთემას – „უფასო სასადილოები უმწეო ხალხისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ დაინტერესდა უფასო სასადილოების რაციონით, სადაც იკვებება ღატაკადქცეული ჩვენი მოსახლეობა. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის, მათ შორის, ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, სასადილოს საკვების კალორიულობა, დადგენილი 900 კალორიის ნაცვლად (რაც სამ თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს), 720-895 კალორიაა, უხარისხოა ულუფები, პურის რაოდენობა – 215 გრამი, ბევრად არ ჩამოუვარდება ომისდროინდელი ლენინგრადის ბლოკადის ნორმებს. აი, რას მიირთმევენ უმწეო საქართველოს მოქალაქეები! აი, როგორია უფასო სასადილოები, რომლებითაც ტრაბახობს ჩვენი პრეზიდენტი... უფასო სასადილოების სალაფავი – სააკაშვილს!“ – ნათქვამია თამარ იოვაშვილის განცხადებაში.