ზაზა გაბუნია: „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასო უნდა გახდეს“
თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატთა“ წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენციაზე თბილისში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ამერიკის „ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ თებერვალში ჩატარებულ კვლევაში, მოსახლეობა „ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში“ერთ-ერთ მწვავე პრობლემად საბავშვო ბაღებში არსებულ საგადასახადო ტარიფებს ასახელებს. „კვლევის მიხედვით მკაფიოდ ჩანს, რომ საბავშვო ბაღებში არსებული ტარიფი, რომელიც 30-დან 80 ლარამდე მერყეობს, თბილისური ოჯახების დიდი ნაწილისათვის საკმაოდ რთული გადასახდელია. სწორედ ამიტომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და როგორც სკოლა, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც უფასო უნდა გახდეს.
მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა კი საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფომ თბილისში არსებულ სკოლამდელ დაწესებულელებებს აღსაზრდელების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული სპეციალური ვაუჩერები უნდა გადასცეს, რაც საბავშვო ბაღებში ბავშვების აღზრდა-განათლების დაფინანსებას შეუწყობს ხელს. „ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო თბილისურ ოჯახებს ხარჯებს მკვეთრად შეუმცირებს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენციაზე.