აქტუალური
თენგიზ ომანიძე: „ბენდუქიძე საზოგადოების მოტყუებას ცდილობს“

fosta-omaniZeთბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. როგორც  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის – კახა ბენდუქიძის „Эхо Москвы“-თვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს მიერ საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოდ დაზარალების თაობაზე.

2005 წელს, ანუ ქართულ ღვინოზე რუსეთის მხრიდან შეზღუდვების დაწესებამდე, ღვინის ექსპორტი 41.6 ათას ტონას შეადგენდა, 2011 წელს კი ექსპორტი 16.9 ათასი ტონა იყო. ასევე, 2005 წლამდე საქართველო რუსეთში 153.724.000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას ყიდდა, ხოლო 2011 წელს პოლონეთში საქართველოს საერთო ექსპორტი 9.530.000 დოლარს, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ქართული ექსპორტის საერთო ჯამი 28.962.000 აშშ დოლარს შეადგენს.

ინფორმაცია ქართული ექსპორტის შესახებ მითითებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე და ის საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„ამდენად, კახა ბენდუქიძის განცხადება, თითქოს ქართული ეკონომიკა მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზარალდა რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარს ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნულია თენგიზ ომანიძის განცხადებაში.