თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებში ასახულია ის ფორმულირებები, რომლებზე შეთანხმებასაც სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა და იურიდიულმა კომიტეტმა, დაახლოებით, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად მიაღწიეს.
კანონპროექტში სიახლეს წარმოადგენს ახალი დებულება იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატა ყოველთვიურად უზრუნველყოფს პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შემომწირველი პირის შესახებ ცნობების, გამოქვეყნებას.ცვლილებების თანახმად, კანონში აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის დეფინიცია, რაც მნიშვნელოვნად შეავიწროვებს იმ პირთა წრეს, ვისზეც პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს. კერძოდ, ასეთ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც გააჩნიათ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნით გაწევენ ხარჯებს. ამ გარემოების შესახებ მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში შეძლებს კონტროლის პალატა, ამ პირებისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა ხუთმაგი ოდენობით, ნაცვლად დღეს მოქმედი ათმაგი ოდენობისა. სიახლეა ისიც, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ყადაღის დადების თაობაზე, სასამართლო იხილავს და ადასტურებს.
ოპოზიციური ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისათვის“ – წარმომადგენლებმა საპარლამენტო განხილვის დროს გააკრიტიკეს საკანონმდებლო ცვლილებები.
დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ცვლილებებით რეალური გაუმჯობესება არ მოხდება, ვინაიდან კონტროლის პალატას კვლავაც რჩება უფლება, დაიბაროს დასაკითხავად პარტიული აქტივისტები, რასაც ბოლო დროს ადგილი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ.
დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, განუცხადა კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ კონტროლის პალატის სამხედრო ჟანდარმერიად გადაქცევა – ეს არის „სწორედ თქვენი მიღებული ამ კანონის ბრალი და ახლა მიხვდით, თურმე უამრავი ლაფსუსი აქვს ამ კანონს და დაიწყეთ მისი გამოსწორება... რომელიც თავიდან ბოლომდე მიმართული იყო ერთი ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] წინააღმდეგ“.
„თუმცა, ამით [საკანონმდებლო ცვლილებებით], ფაქტობრივად, საერთოდ არაფერი იცვლება პოლიტიკური მოთამაშეებისთვის“, – დასძინა მან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატა „უიარაღოდ და უფუნქციოდ“ დარჩება.
„თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ კონტროლის პალატას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მასალის შეგროვების უფლება და მხოლოდ იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენ ფურცელს წარუდგენს ესა თუ ის გაერთიანება, ასე არ იქნება“, – განაცხადა მან, – მით უფრო, დღეს, როცა გამოჩნდა, რომ ძალიან მრავლად არიან ის ფიზიკური პირები – ერთი პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ შეკრებილი ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე გვერდი აუაროს ამ კანონს“.
„არანაირ ხვრელს ჩვენ კანონმდებლობაში არ დავტოვებთ, კანონისთვის გვერდის ავლის საშუალებას არ მივცემთ არავის“, – განაცხადა მან საპარლამენტო განხილვის დროს ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ.
კუბლაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევის პროცესი მისი მეორე მოსმენის დროს გაგრძელდება.
შეუთანხმებელ საკითხებს შორის რჩება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ 3-წლიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ამომრჩევლები, რომლებიც პარტიების მხრიდან მოსყიდვას დაექვემდებარებიან. მმართველმა პარტიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის წინადადება გაიზიარა, რომ ამომრჩეველი აღარ დაისჯება ფინანსური დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში.
სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული კიდევ ერთი ახალი დებულების თანახმად, რომელსაც პირველი მოსმენით 30 მარტს უყარეს კენჭი, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც მოსყიდვის შესახებ ნებაყოფლობით განუცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებს.