საზოგადოება
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

gancxadeba4თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკური კოალიცია 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის 21-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„წელს 21 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა უდიდესი უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და  სუვერენიტეტს და ამით თავისი ურყევი ნება გამოხატა. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

რეფერენდუმის დღესთან ერთად საქართველო მისი პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღესაც აღნიშნავს. რეფერენდუმის გზით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომლის სულისჩამდგმელი და განმხორციელებელი გახლდათ ზვიად გამსახურდია, გარდამტეხი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც დასაბამი მისცა ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
მას შემდეგ 21 წელი გავიდა და დღეს ჩვენ კვლავ  სერიოზული არჩევანის წინაშე ვდგავართ. დღეს ჩვენ, ყველამ ერთად, საპარლამენტო არჩევნების გზით, კვლავ უნდა უზრუნველვყოთ ხალხის ნების გამარჯვება და რეალურად დავიწყოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გარდაქმნა წარმატებულ დემოკრატიად“.