პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა, თუ იქაურობა პრეზიდენტის ზარის შემდეგ დატოვა?

vanoთბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტში 2012 წლის 29 მარტს დანიშნულ სამთავრობო საათზე უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა. მის ნაცვლად დეპუტატების წინაშე მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე წარდგა. მან განმარტა, რომ მინისტრმა მოსვლა უწყების სისტემაში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვერ შეძლო, თუმცა არ დაუზუსტებია, რა სიტუაციაზე იყო ლაპარაკი. სხდომაზე გამოძახებული იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ნაცვლადაც მისი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი გამოცხადდა.

მინისტრის გამოუცხადებლობამ ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისათვის“ – წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია. მათ სხდომათა დარბაზში პროტესტის გამოთქმა სცადეს, მაგრამ ვინაიდან მიკროფონები არ ჩაურთეს, ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. სხდომა ამ ფრაქციის მოთხოვნით დაინიშნა და დეპუტატები ვანო მერაბიშვილის მოსვლას ელოდნენ, რათა პირადად მისგან მოესმინათ პასუხები სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე. კერძოდ, როგორც დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ „მაესტროს“ საღამოს ტელეეთერში განაცხადა, ფრაქციამ მრავალგვერდიანი მასალა მოამზადა, რომელიც კორუფციასა და ბიზნესსაქმიანობასთან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების კავშირს ადასტურებს. ეს მასალა წინასწარ გადაიგზავნა შსს-ში და მინისტრ მერაბიშვილს მასზე პასუხის გაცემა მოუწევდა. „03:20 საათზე, როდესაც პარლამენტის შენობაში შევედი, ჩემმა აპარატმა მაცნობა, რომ მერაბიშვილი უკვე შენობაშია, ხოლო 04:00 საათზე, როცა სამთავრობო საათი დაიწყო, ის იქ უკვე აღარ იყო. ვის ბრძანებას დაემორჩილებოდა ყოვლისშემძლე შს მინისტრი?! ერთადერთი ადამიანის – პრეზიდენტ სააკაშვილის, რადგან თემა მის ოჯახს ეხებოდა!”.