რელიგია
ილია II: „ვინც ეკლესია-მონასტრებს აშენებს, ის თავის სულიერ ტაძარს აშენებს...“

ilia_meore2თბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. „ვმადლობ უფალს, რომ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როდესაც ადამიანი აშენებს ტაძრებსა და მონასტრებს“, – განაცხადა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ ეროვნულ მუზეუმში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.

როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, ვინც ეკლესია-მონასტრებს აშენებს, ის თავის სულიერ ტაძარს აშენებს, ხოლო ვინც ანგრევს, ის საკუთარ სულიერ ტაძარს ანგრევს.

უწმიდესმა და უნეტარესმა გაიხსენა, რომ რამდენიმე ხნის წინ მას სტუმრობდა დელეგაცია, რომელთა შორის ერთი ჩინეთის მოქალაქე იყო. „მე ვკითხე მას, ჩინეთი ასეთი მდიდარია ფილოსოფიური აზროვნებით და როგორ მოხდა, რომ ჩინეთმა კომუნისტური იდეები მიიღო. მან კი მიპასუხა, რომ ადამიანისა და ერის ცხოვრება ემსგავსება სპირალს, არის დაცემები და არის აღმავლობა და ახლა ჩვენ დაცემის პერიოდში ვიმყოფებით... ვმადლობ უფალს, რომ ჩვენ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როდესაც ქართველი ადამიანი აშენებს ტაძრებს და მონასტრებს“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ადამიანი მიდის სრულყოფის კიბეზე. უწმიდესმა და უნეტარესმა დალოცა ყველა, ვინც ტაძრის მშენებლობის საქმეშია ჩართული.

როგორც მან აღნიშნა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის ტაძარი იქნება არა მხოლოდ ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც. უწმიდესისა და უნეტარესის თქმით, პირველი და ყველაზე დიდი ტვირთი ამ საქმეში პაატა ბურჭულაძეს დაეკისრა, რომელმაც ის მორჩილად მიიღო.

გარდა ამისა, პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, 17 აპრილისთვის, როდესაც მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობა დაიწყება, შეაგროვონ ქვები და მათზე დაწერონ თავიანთი სახელები, რომლებიც შემდგომ ტაძრის საძირკველში მოექცევა. „როდესაც სამების ტაძარი შენდებოდა, ჩვენ დავწერეთ ჩვენი სახელები ქვებზე და საძირკველში ჩავაყოლეთ, 17 აპრილისთვისაც მოამზადეთ ასეთი ქვები. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საძირკველში, ასევე, ჩაყოლებული იქნება სიწმინდეები მთელი მსოფლიოდან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღმერთმა მალე აგვაშენებინოს ეს წმინდა სავანე“, – ბრძანა უწმიდესმა და ყველა დალოცა, ვინც აღნიშნული ტაძრის მშენებლობას მცირედით მაინც ეწევა.