აქტუალური
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში აზერბაიჯანული აეროდრომების გამოყენება მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ისრაელის დამოკიდებულებას საწვავის შესავსებ თვითმფრინავებზე. აშშ-ის სადაზვერვო უწყებაში განაცხადეს, რომ ბენზინის მნიშვნელოვანი ეკონომია ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას გაცილებით უფრო რეალურს ხდის. „ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი უეჭველად დაესხმის თავს ირანს, მაგრამ ეს ამ ნაბიჯისათვის აქტიურ მზადებას მოწმობს“, – აღნიშნავენ წყაროები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული რომელიმე აეროდრომის უცხოეთის სახელმწიფოებისთვის დათმობის თაობაზე. როგორც „Trend“ იუწყება, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თეიმურ აბდულაევმა განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს გამონაგონია და სინამდვილეს არ შეესაბამება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ალი გასანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული ირანის წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედებისათვის.