ტყეშელაშვილი: „რუსეთს ჩარევას არავინ სთხოვს...“
თბილისი, 30 მარტი,
საქინფორმი. „საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთს არანაირად არ ეხება“, – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა. მან მიუთითა, რომ რუსეთის განცხადებებში ახალი არაფერია. „რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, საკითხი ამგვარ პერსპექტივაში წარმოაჩინოს.
არადა, საკითხი საკმაოდ მარტივია – ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა ბევრი მიმართულებით გრძელდება, მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ თავდაცვისუნარიანობაზე და, მით უფრო, ავღანეთში „ISAF“-ის მისიაში ქართული მხარის მონაწილეობაზე არ ვილაპარაკებთ, რუსეთის განცხადება საერთოდ აფსურდის თეატრს ემსგავსება, ამიტომ აზრი მარტივია: რუსეთს არ ეხება, თუ რა ტიპის თანამშრომლობა ხორციელდება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. ამ მხრივ აჯობებს, რუსეთმა საკუთარ თავს მიხედოს, ვიდრე სხვა ქვეყნებს შორის სუვერენული ურთიერთობები აკომენტაროს. ჩვენი კონტინენტი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ავღანეთის მისიაში“, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე შიშობს, შეიარაღება, რომელიც ქართულ კონტინგენტს ავღანეთში მიეწოდება, საქართველოში არ აღმოჩნდეს.