სამართალი
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ

tuRuSiiiiთბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა  პარლამენტს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა, რომელიც 2011 წელს მოიცავს.

644-გვერდიანი ანგარიშის თითქმის ნახევარი დეტალურად აღწერს სასჯელაღსრულების სისტემაში და წინასწარი დაკავების საკნებში არსებულ მდგომარეობას.

ანგარიშის თანახმად, გადატვირთული საკნების პრობლემა კვლავ არსებობს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული იყო 24 244 პატიმარი, მაშინ, როცა 2011 წლის მეორე ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებების რეალური ლიმიტი 23  630 ადგილს შეადგენდა. გასულ წელს სულ 9 460 ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო 9 292 პატიმარმა ციხეები დატოვა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „არასათანადო მოპყრობის პრობლემა საქართველოს პენიტენციარული სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“.

„არასათანადო მოპყრობის სრული აღმოფხვრისთვის აუცილებელია თითოეული ამგვარი ფაქტის ეფექტური გამოძიება და დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა, რაც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, – ნათქვამია ანგარიშში, – სახალხო დამცველმა არაერთ ასეთ ფაქტზე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა გამოძიება ხშირ შემთხვევაში ჭიანურდება ან წყდება“.

„სისტემის თანამშრომელთა შორის დანერგილია დაუსჯელობის სინდრომი და ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დამალვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა პენიტენციარული სისტემის წარმომადგენლის პასუხისმგებლობაში მიცემა ორი წლის წინ პატიმრის არასათანადო მოპყრობის გამო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს გარდაცვლილი 140  პატიმრიდან  31.5%-ის  შემთხვევაში გარდაცვალების უშუალო მიზეზი ტუბერკულოზი იყო. ანგარიშის თანახმად, 6.6%-ის შემთვევაში გარდაცვალების მიზეზი ნაძალადევი სიკვდილი და ტრავმები იყო, მათ შორის, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გამოწვეული.

2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა, დაახლოებით, 45.8% 31-დან 50 წლამდე ასაკშია, ხოლო 27.8% – 51-60 წლის ასაკში.

2010 წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა, რაც 56%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით. 2010 წელს გარდაცვლილი 142 პირიდან ტუბერკულოზით ინფიცირებული იყო 49.3%.

რაც შეეხება ანგარიშის დადებით შეფასებას, მასში ნათქვამია, რომ წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არ მიუღია რაიმე პრეტენზია არასათანადო მოპყრობის თაობაზე წინასწარი დაკავების საკნებში მყოფი პირებისგან. თუმცა ანგარიშში საუბარია პოლიციის მხრიდან დაკავებულთა არასათანადო მოპყრობის თაობაზე მათი დაკავების დროს – ბევრ ასეთ შემთხვევას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის დროს ჰქონდა ადგილი.

ანგარიში, ასევე, საუბრობს პოლიციის მიერ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს გადაჭარბებული ძალის გამოყენების თაობაზე და მთავარ პროკურატურას ამ საქმეების გამოძიებისკენ მოუწოდებს, რადგანაც ისინი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დაშლის დროს საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ანგარიში აღნიშნავს გმირთა მოედანზე 2011 წლის იანვარში ვეტერანთა შიმშილობის აქციის დარბევას და ქუთაისში 2011 წლის სექტემბერში მეტალურგიული ქარხნის მუშათა გაფიცვაში პოლიციის ჩარევას.

ანგარიში სასამართლო სისტემაში მიმდინარე დადებით რეფორმებსაც უსვამს ხაზს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ პრობლემები კვლავ რჩება, რადგანაც არ არის ან არასაკმარისად არის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები.

ანგარიშის თანახმად, მკვეთრად შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი კანონდარღვევები. იგი, ასევე, აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება ამგვარ უკანონო ქმედებებზე უფრო ადეკვატური გახდა.

ანგარიში მიესალმება შარშანდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება მისცა – ამ გადაწყვეტილების  წინააღმდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოვიდნენ.

„პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ რელიგიური უმრავლესობის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის,  არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და, ზოგადად, საზოგადოების ნაწილში ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებზე მყარი კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული“, – ნათქვამია ანგარიშში.