საზოგადოება
კოალიცია „ქართული ოცნება“ ჯონ ბასს ღია წერილს უგზავნის

john-bass-letterთბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო ატყობინებს, კოალიცია აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით ღია წერილს უგზავნის, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ,

პირველ რიგში, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება აშშ-ის მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი ფასდაუდებელი დახმარების, მათ შორის, „USAID“-ის ეგიდით განხორცილებული მრავალრიცხოვანი პროგრამების გამო. ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან „NDI“-სა და „IRI“-ს ადგილობრივი ოფისები. ამ ორგანიზაციების ხელშეწყობით ჩვენ საშუალება გვეძლევა, გავაძლიეროთ მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის საფუძვლები, ავამაღლოთ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების კვალიფიკაციის დონე, შევიმუშაოთ და დავხვეწოთ პარტიების პოლიტიკური პლატფორმები და პროგრამები, გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და სხვ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების პერსონალური წვლილი. მაგალითად, მათმა ოპერატიულობამ და მონდომებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ კონტროლის პალატისა და პოლიციის მიერ ამ ორიოდე კვირის წინ წამოწყებული მასშტაბური რეპრესიების თაობაზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, რამაც აღნიშნული რეპრესიები შეაჩერა (იმედია, არა დროებით).

ამასთან, გვინდა, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ ერთ პროექტზე – სოციოლოგიურ კვლევებზე. ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა და არც ახლა გვეპარება ამ პროექტის ინიციატორთა კეთილ ზრახვებში, ისევე, როგორც ამგვარი პროექტების საჭიროებაში. მაგრამ ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ რიგი მიზეზების გამო პროექტი არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა დემოკრატიზაციის, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და  მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისათვის.  ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა.

კვლევების შედეგების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს ეხება და რომელიც ყველაზე მეტ საზოგადოებრივ ინტერესსა და აჟიოტაჟს იწვევს, არ ქვეყნდება კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ. ყოველ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ეძლევა მხოლოდ საკუთარი შედეგები ან მხოლოდ პრეზენტაციის დროს ეძლევათ მათი გაცნობის საშუალება. ამასობაში, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნაციონალური ტელევიზიები მყისიერად იწყებენ ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას და აქვეყნებენ ყველა პარტიისა და ლიდერის მონაცემებს, რომელიც მათ მიაწოდა „კონფიდენციალურმა წყარომ“. ტელევიზიებით გავრცელებული მონაცემების შესაბამისობის დადგენა კვლევის ნამდვილ შედეგებთან შეუძლებელია, ვინაიდან ყოველ პარტიას, უკეთეს შემთხვევაში, აქვს მხოლოდ მისი საკუთარი მონაცემი, ხოლო კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მედიით გავრცელებული მონაცემების სისწორეს.

კვლევების ჩატარების და შედეგების შეჯამების მეთოდოლოგიის ძირითადი ნაწილი ხელმიუწვდომელია დაინტერესებული პირებისთვის. მაგალითად, ჩვენთვის უცნობია მგრძნობიარე პოლიტიკურ კითხვებზე რესპონდენტთა გულწრფელობის ხარისხის გასარკვევად და შედეგების კორექტირებისთვის გამოყენებულია თუ არა რაიმე მეთოდი. ამ საკითხის გადაწყვეტის არასწორმა მეთოდოლოგიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი (და პერსონალურ უსაფრთხოებაზე ნაკლებად მზრუნველი) რესპონდენტების წილის ხელოვნური ზრდა და საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობების მნიშვნელოვნი დამახინჯება. ამგვარ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოცემა აკრძალული აქვთ კვლევის პროცესში მონაწილე ადგილობრივ ორგანიზაციებსაც.

აღნიშნული პრობლემების შედეგად,

– ოპოზიციური პარტიები და ლიდერები წელიწადში ოთხჯერ ხდებიან ხელისუფლების მასირებული პროპაგანდისტული შეტევის მსხვერპლი, რომელსაც, ნებით თუ უნებლიეთ, ზურგს უმაგრებს „NDI“-სა და „IRI“-ს ბრენდები;

– კვლევების ერთი სეგმენტის (პოლიტიკური რეიტინგების) თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟის და ამ შედეგებით მანიპულირების გამო მცირდება ყურადღება და იკარგება საზოგადოების ნდობა კვლევების შედეგების ძირითადი ნაწილის თაობაზეც;

– ოპოზიციური პარტიები რჩებიან მხოლოდ საკუთარი მონაცემების ანაბარა, რომელიც საერთო სურათის გარეშე რაიმე საფუძვლიანი ანალიზისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. სახელისუფლებო პარტიას კი, ჩვენთვის უცნობი არალეგალური გზებით და საშუალებებით,  ყოველთვის აქვს სრული მონაცემები, რასაც იყენებს სრულფასოვანი ანალიზისთვისაც და მანიპულირებისთვისაც;

– კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები ექცევიან პოლიტიკური სპეკულაციების ეპიცენტრში, ანუ შედეგად მაინც იღებენ იმას, რისი თავიდან აცილებისთვისაც იქნა შემუშავებული პოლიტიკური რეიტინგების არგანსაჯაროების პოლიტიკა. მეტიც, საზოგადოების თვალში ისინი იძენენ არა მხოლოდ „ადგილობრივ პოლიტიკაში ჩარეული“ მოთამაშეების იმიჯს, არამედ „ადგილობრივ პოლიტიკაში ხელისუფლების მხარეზე ჩარეული“მოთამაშეების იმიჯს.

– კვლევების მეთოდოლოგიის, ველის მონაცემებისა და ყველა შედეგის განუსაჯაროებლობა ეჭვის ქვეშ უსამართლოდ აყენებს კვლევის მომზადებაში, გამოკითხვის ჩატარებაში, შედეგების შეჯამებაში და შედეგების გამოქვეყნებაში ჩართული მრავალი პირის და ორგანიზაციის პროფესიონალიზმს და ობიექტურობას.

აღნიშნული პრობლემები წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავსვით როგორც უშუალოდ „NDI“-სა და „IRI“-ს ადგილობრივი და ვაშინგტონელი ხელმძღვანელების, ისე აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები ხშირად იმსახურებდა მათ ყურადღებას, დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. მთავარი არგუმენტი ყოველთვის იყო ის, რომ ამგვარი კვლევები ორივე ორგანიზაციის მიერ მრავალ ქვეყანაში ტარდება ერთი და იმავე მეთოდით და სპეციალურად საქართველოსთვის ვერაფერს შეცვლიდნენ.

ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ იყო ინიციატივა ქართული კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით პარალელური კვლევების ურთიერთმონიტორინგით განხორციელების შესახებ, რაც უარყოფილ იქნა ორივე ორგანიზაციის მიერ იმ მოტივით, რომ მათ არ აქვთ ამგვარი პრაქტიკა და რომ ისინი ვერ ითანამშრომლებენ მიკერძოებულ კვლევით დაწესებულებებთან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას როგორც „NDI“-სა და „IRI“-ს წარმომადგენლების, ისე კვლევების საკითხში მათი ზოგადი პოლიტიკისადმი, მაგრამ ვთვლით, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მეთოდით კვლევების ჩატარება შეუწყობს არა მოქალაქეთა თავისუფალი ნების ფორმირებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებას და სხვადასხვა სახის მანიპულაციებისთვის აღნიშნული ორგანიზაციების ბრენდების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას.

შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „NDI“-მ და „IRI“-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მოგაწოდოთ დამატებითი არგუმენტები და ფაქტები, გიპასუხოთ კითხვებზე და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის განხილვაში“.