სამართალი
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

gancxadeba4თბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, პოლიტიკური კოალიცია კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, კერძოდ, საუბარია თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე. ამის საფუძველზე საზოგადოებაში გამოწვეულ ბუნებრივ ვნებათაღელვას ხელისუფლება მიზანმიმართულად აღვივებს შიდაპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად.

ამ საკითხებზე საჯარო დებატებში ჩაბმული პირები ხშირად ექცევიან ემოციების ტყვეობაში და, ნებით თუ უნებლიეთ, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში დაძაბულობის გაღვივებას უწყობენ ხელს. ამ ვითარებაში პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საჭიროდ მიაჩნია, განაცხადოს, რომ:

– საქართველოს სახელმწიფოებრიობის საშინაო და საგარეო გარანტიების ფორმირების პროცესი რთული და წინააღმდეგობრივია და ყველა მიმდინარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სტრატეგიულ გააზრებას მოითხოვს. თურქეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესია. ისიც კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა თაობაზე ქვეყნებს განსხვავებული ხედვები და ამოცანები შეიძლება აღმოაჩნდეთ. ამ ვითარებაში  მეგობარი ქვეყნები ვალდებული არიან, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და ეძებონ ურთიერთმისაღები კომპრომისები;

– კატეგორიულად მიუღებლად და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად მივიჩნევთ ყოველგვარ სპეკულაციას ორი ქვეყნის ურთიერთობის ამა თუ იმ ისტორიული პერიოდითა და მოვლენით. იმ მომენტიდან, როდესაც ორმა ქვეყანამ აღიარა ერთმანეთის სუვერენიტეტი და საზღვრები, ორივე მათგანმა ისტორიას ჩააბარა პოლიტიკური წარსული. შესაბამისად, ჩვენ თურქეთთან თუ ოტომანთა იმპერიასთან არ დაგვრჩა წარსულიდან შემორჩენილი არცერთი მოუგვარებელი თუ პასუხგასაცემი საკითხი თუ კითხვა. ჩვენ ასეთივე ურყევი პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ ყველა მეზობელ ქვეყანასთან (რუსეთი იმიტომაა დღეს ოკუპანტად აღიარებული, რომ მან სწორედ ეს პრინციპი დაარღვია და არა იმისთვის, რაც, მაგალითად, 1801 წელს მოიმოქმედა).

– ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და მომავალი თაობებისთვის მათი შემონახვა. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები, რომელთა დაცვა და მოვლა-პატრონობა ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის გამო რთულდება. ამიტომ  აუცილებელია ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე თურქეთთან შეთანხმება, რაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში მიუღწეველი ოცნება იყო. აღნიშნული შეთანხმება განსაკუთრებით საშური საქმე ხდება ძეგლების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ შეთანხმებაზე ხელმოწერამდე აუცილებლად უნდა ამცნოს საზოგადოებას შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე ფართო კონსენსუსის მიღწევას.

– სახელმწიფოების შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე არ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთა განმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილას მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას, რადგან ეს იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტურულ დატვირთვას. ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა ძეგლი. შესაბამისად, ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ პოლიტიკური ისტორიის კონკრეტულ მომენტს ვუდგამთ ძეგლს. პოლიტიკური ისტორიის ესა თუ ის მომენტი კი, მეზობელი სახელმწიფოებისთვის ზოგჯერ ერთნაირად საამაყოა, ზოგჯერ – ერთნაირად მტკივნეული, უფრო ხშირად,  ერთისთვის საამაყო, ხოლო  მეორისთვის – მტკივნეული.

– სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს ისეთი რელიგიური საკითხები, როგორიცაა რელიგიურ-საკულტო დაწესებულებათა შექმნა ან გაუქმება. ეს საკითხები აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაარეგულირონ შეასაბამისი იურისდიქციის მქონე რელიგიურმა ორგანიზციებმა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებად მივიჩნევთ ყოველგვარ პოლიტიკურ დისკუსიებს, თუ სად და რამდენი რელიგიურ-საკულტო დაწესებულება არის საკმარისი თუ არასაკმარისი. ასეთი საკითხები მხოლოდ შესაბამისი რელიგიის მიმდევარი მოქალაქეების სამსჯელო და გადასაწყვეტია, ცხდია, კანონიკური და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.

– სრულიად განსხვავებული საკითხია ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, დაიდოს შეთანხმებები კულტურის ცენტრების, მუზეუმების, საგანმანათლებლო თუ სახელოვნებო დაწესებულებების მშენებლობისა და ფუნქციონირების შესახებ. ამგვარი კულტურული დაწესებულების დანიშნულებიდან გამომდინარე, მათი განთავსების ადგილი, პირობები, არქიტექტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყდეს  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაგალითად, არ იქნებოდა ურიგო, თუ ბათუმში, ქრისტიანული და მუსლიმური კულტურების ურთიერთშეხების ამ ისტორიულ ქალაქში, აშენდებოდა კულტურათა ურთიერთობის მუზეუმი ან საგანმანათლებლო ცენტრი.

– არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ, თავის ჩვეულ სტილში, საზოგადოების ფართო ფენებთან კონსულტაციების გარეშე და ზემოთ მოყვანილი პრინციპების გაუთვალისწინებლად მოაწეროს ხელი შეთანხმებას თურქეთთან. თუმცა, არც ამ შესაძლო მოვლენამ უნდა მიგვიყვანოს რელიგიური ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხებზე ისეთ პოლიტიკურ განცხადებებსა და ქმედებებამდე, რომლებიც ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და გაგვიჩენს ახალ პრობლემებს. რამდენიმე თვეში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში და უნდა შევქმნათ ახალი მთავრობა, რომელიც ყველა საკითხს მოაგვარებს ქვეყნის ინტერესების, საერთაშორისო სამართლის, თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პრინციპების, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დადებული კონსტიტუციური შეთანხმების სრული დაცვით.