სამართალი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებას ეხმაურება

studentთბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი 20 მარტს საიტ „summerjob.ge“-ზე ერთ დღეში ვაკანსიების ამოწურვასა და სტუდენტთა დისკრიმინირებულ დარეგისტრირებაზე. ამ საკითხს „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაც“ გამოეხმაურა. ამჯერად კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა ვრცელი ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალი პროგრამა „Summer Job“ საქართველოში სამართლიანი და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ხელს უშლის. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება, წინასაარჩევნოდ არ განახორციელოს ასეთი ერთჯერადი და სპონტანური საბიუჯეტო პროექტები და ამ გზით პოლიტიკური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს, რადგან წინა წლებშიც ეჭვქვეშ აყენებდა ასეთი ერთჯერადი ინიციატივების ეფექტიანობას და აღნიშნავდა, რომ ამ საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება, სავარაუდოდ, საარჩევნო მიზნებისთვის ხდებოდა.

ორგანიზაციის მასალაში აღნიშნულია, რომ „დასაქმების პროგრამის წინასაარჩევნო ხასიათზე მისი ლოგოც მეტყველებს, რომელშიც ინგლისური ასო „S“ ძალზე წააგავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს – „5“-იანს.

ამასთან, თავად პროგრამაზე გართულებული რეგისტრაციის შემთხვევები და სტუდენტური თვითმმართველობების, გამგეობებისა და მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წინასწარ გარიგებაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტები ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტად პოლიტიზებულს ხდის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არაფორმალურად დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა სიების მომზადება და მათი განათლების სამინისტროში წინასწარი გადაგზავნა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

„სტუდენტების ერთმა ჯგუფმა საზაფხულო პროექტში ადგილების წინასწარი გაყიდვა ერთობლივი განცხადებით გააპროტესტა“, –აცხადებს ორგანიზაცია.

ამასთან, ეს ინიციატივა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს აფერმკრთალებს, რითაც ირღვევა ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად საგრძნობლად მატულობს ხოლმე ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასშტაბური, ერთჯერადი საბიუჯეტო პროგრამები. უკანასკნელ პერიოდში ამგვარი სიახლე „Summer Job“-ის სახით მოგვევლინა, რომელიც, თავისი არსით, ბევრ კითხვას ბადებს.

შესაძლოა, ამ წამოწყების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო რესურსებით საარჩევნო ამოცანების მიღწევა იყოს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ხელისუფლების მიერ მსგავსი მასშტაბური დასაქმების პროექტები წარსულში რამდენჯერმე განხორციელდა და, რატომღაც, ყოველთვის – წინასაარჩევნო პერიოდში“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების საიტზე წარმოქმნილი ხარვეზები და „ერთ დღეში რეგისტრაციის დამთავრება“ „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ლოზუნგით „www.summerjob.ge რეგისტრაცია... server error“, „პატივი ეცით სტუდენტთა უფლებებს!“ ამ ფაქტთან დაკავშირებით აქციაზე შეკრებილი სტუდენტები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინისგან ითხოვდნენ რეაგირებას და სამუშაოების გარეშე დარჩენილი სტუდენტების უფლებების დაცვას.