სამართალი
უფასო იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

fosta-42-1თბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ ადვოკატებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებთან უფასო იურიდიული დახმარების მიზნით ღია კარის დღე გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის – „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“ – ფარგლებში ჩატარდა და მას კავშირი „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მასპინძლობდა.

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებსა და ამ პრობლემების გადასაჭრელად იურიდიული მექანიზმების მოძიებას შეეხო. განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალური საჭიროებების საკითხიც.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტები მომავალშიც გააგრძელებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ადვოკატირებას.