სამართალი
„ქართული ოცნება“ რეზო საყევარიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

fosta-samarT-MANANAთბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნომ საქინფორმს აცნობა, კოალიცია განცხადებას ავრცელებს „ფორბს ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორის – რეზო საყევარიშვილის, თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

ამასთან, საქინფორმმა მკითხველს გუშინ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და რეზო საყევარიშვილის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან სრულად მიაწოდა.

„ფორბს ჯორჯიას“ გამომცემლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტს სხვა მიზეზი აქვს და საყევარიშვილი თავად გამომცემლობამ გაათავისუფლა ზემოაღნიშნულ ინტერვიუში დასმული კითხვების (!) პლაგიატის გამო, რასაც არაფერი აქვს საერთო  სარედაქციო პოლიტიკაში  ჩარევასთან.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ გამომცემლობის ეს განცხადება არის სრულიად არაკომპეტენტური და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობას წარმოადგენს. ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული გამომცემლის მოქმედების ნამდვილი მიზეზი ცნობილია – კიდევ ერთხელ დაიბლოკოს ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი აქტიურობა.

„ხელისუფლების მხრიდან ცენზურა და თავისუფალ მედიაში ჩარევა ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუმცა ამჯერად მისი ხელი მსოფლიოს ბრენდის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოცემასაც გადასწვდა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს რევაზ საყევარიშვილს და ყველა ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია და აცხადებს, რომ თავს შეიკავებს აღნიშნულ გამოცემასთან  ურთიერთობისაგან მანამ, სანამ საზოგადოებას ეჭვი ექნება ამ ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.