თბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით, პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტებში სასჯელაღსრულების დირექტორები, მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ფიგურირებენ.
როგორც გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში გამოსვლისას მან დაასახელა კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებსაც პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
სახალხო დამცველის თქმით, ესენი არიან მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების, ქსნის დაწესებულების, ქუთაისის №2 და გლდანის №8 დაწესებულებების დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, რეჟიმის უფროსები, სოციალური მუშაკები და სხვა კონკრეტული თანამდებობის პირები.„პატიმრები მათ არასათანადო, უხეშ მოპყრობაში, გინებაში, ცემაში, უკანონო დასჯაში, სხვადასხვა მითითების გაცემაში ადანაშაულებენ. ერთადერთი დოკუმენტი ჩემთვის პატიმართა დაზიანებებია, რომელიც არაერთ ფაქტზეა აღწერილი. ამ შემთხვევების ვიდეოჩანაწერი ნამდვილად ვერ იარსებებს. ყველა ფაქტს ზუსტი აღწერილობა აქვს – როდის ჰქონდა ადგილი, სად ჰქონდა ადგილი, ვის მიერ განხორციელდა. საგამოძიებო ორგანო ამით თუ დაინტერესდება, დამერწმუნეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში შედეგს მიიღებს. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა ფაქტი 100 პროცენტით დადასტურებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ არცერთი პირი პასუხისგებაში არ მიეცეს. ამ ფაქტებზე გამოძიებას ვითხოვთ“, – აცხადებს გიორგი ტუღუში.
მისივე ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში ბოლო მონიტორინგის დროს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დახვდათ. კერძოდ, გადალაპარაკებისა და ხმაურისთვის კარცერში ჩაყვანილი იყო 400-მდე პატიმარი.
სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში პარლამენტში გუშინ შევიდა. 600-გვერდიანი დოკუმენტი 25 ქვეთავადაა დაყოფილი.