პოლიტიკა
სააკაშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა

politika-2-seuliთბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მიონ-ბაკთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ლი მიონ-ბაკმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მხარეებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უნდა განვითარდეს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მხრივ. შეხვედრისას სეულისა და თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებაც დაიგეგმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. საუბრისას პრეზიდენტები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხნენ. სამხრეთ კორეის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაკორუმპირებული გარემოთი, გამჭვირვალობითა და რეფორმების შედეგებით უნიკალურია მთელ რეგიონში.

მხარეებმა ყურადღება სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მნიშვნელობასა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. ლიდერებმა სამიტის შედეგები შეაჯამეს და მას წარმატებული უწოდეს. მათ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივა ამ მიმართულებითაც დასახეს – ლი მიონ-ბაკის თქმით, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას, მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ზოგადად რეგიონისთვის, ისე კორეის რესპუბლიკისთვის.

სამხრეთ კორეაში საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პროექტების დაწყება დაიგეგმა – კორეელი ინვესტორები საქართველოში ორ ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ და რამდენიმე სასტუმროსაც ააშენებენ. ამას გარდა, პროექტები განხორციელდება ჯანდაცვის სფეროში. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა კორეელი ბიზნესმენები საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

ასევე, გადაწყდა, რომ მალე საქართველოში ჩამოვლენ კორეელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ გარემოსა და შესაძლებლობებს. თბილისში გაიხსნება სამხრეთ კორეის საელჩოც.