თბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე იმ ქვეყნებს, რომელთაც ალიანსში გაწევრება სურთ, ძლიერი, პოზიტიური გზავნილი გაეგზავნოთ.
„მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი, პოზიტიური გზავნილი გაკეთდეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნატოში გაწევრება სურთ პროგნოზირებად მომავალში, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია და ჰერცეგოვინა“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში.მან, ასევე, განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის მეხუთე მუხლის მნიშვნელობას ხაზი უნდა გაესვას. ამ მუხლის თანახმად, თავდასხმა ნატოს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე ითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების მიღებას.
თავის სიტყვაში ჰილარი კლინტონმა მხარდაჭერა გამოხატა ესტონეთის ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების ეფექტური თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დახმარებისკენ.
„ესტონეთი დახმარებისა და განვითარების ძლიერ პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ კი, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“, – განაცხადა კლინტონმა.
შარშან ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით აღმოსავლეთპარტნიორობის ესტონური ცენტრი დააარსა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, მაღალი და საშუალო რანგის საჯარო მოხელეებს მომზადების კურსებით უზრუნველყოფს.