პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია – ერის გახლეჩისა და ეროვნული თვითშეგნების დათრგუნვის ტექნოლოგიების შესახებ

CHACIAგაზეთი «საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს მესამე ნაწილს.

ბატონო ალექსანდრე, ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, რომ ქართული საზოგადოება ერთიანი ეროვნული ორგანიზმი აღარ არის და მისით მანიპულირება ადვილია. რა არის ერისთვის ამდენად საშიში პროცესის მიზეზი?  

– უკვე 20 წელიწადზე მეტია, ერი დამანგრეველ იდეოლოგიურ თავდასხმებს განიცდის, რომლის მასშტაბებსაც საქართველოს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ქართველები ტრადიციული, პატრიარქალური ერია. იგი საუკუნეების განმავლობაში იმ ტრადიციულ-ეროვნული ღირებულებების საფუძველზე ვითარდებოდა, რომლებიც ჩამოყალიბდა მართლმადიდებლობის, ნაწილობრივ ისლამის, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თემური ცხოვრების წესის ზემოქმედებით. ბიბლიური მცნებების დაცვა, ერთობლივი შრომითი საქმიანობა, თანაზიარობა, სირთულეების ერთობლივი დაძლევა, წინაპრების პატივისცემა, ისტორიის თაყვანისცემა – ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რაზეც ერი იდგა. და ყველაფერი ეს უამრავი აკრძალვით იყო განმტკიცებული. ადამიანური მორალი აკრძალვების აღიარებაა. ადამიანი მას შემდეგ გახდა ადამიანი და შეძლო ადამიანური საზოგადოების ჩამოყალიბება, რაც ტაბუს, აკრძალვების სისტემა შექმნა და მათ დაემორჩილა, ცხოველური ინსტინქტების დათრგუნვა ისწავლა. ადამიანი ამით განსხვავდება ცხოველისგან, რომელიც მხოლოდ ინსტინქტებით ხელმძღვანელობს.

აი, ასეთ, ეროვნული მორალური კოდექსის მქონე ტრადიციულ საზოგადოებას ერთ წამში დაატყდა თავს მისთვის უცნობი ზნეობრივი შეფასებების, ქცევის ნორმების, მიზნობრივი განწყობების დამანგრეველი ტალღა. საზოგადოებას განუცხადეს, რომ ამიერიდან ადამიანი თავისუფალია, რომ ყველაფერი ნებადართულია, რომ მორალი, ზნეობრივი აკრძალვები კომუნისტური ბოდვაა. ამასთან ერთად, ინერგებოდა უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენი ერის წარსულისადმი, როგორც არასწორის, მცდარის, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების კალაპოტიდან ამოვარდნილის მიმართ. დამცირებისა და დაცინვისთვის გაწირეს დიდი ისტორიული მოღვაწეები, მეცნიერები, მწერლები – ის ადამიანები, რომლებიც ერის მამებად ითვლებოდნენ. განსაკუთრებით ეს საბჭოთა პერიოდის ისტორიას შეეხო: აღმოჩნდა, რომ ჩვენმა მამებმა და პაპებმა ამაოდ იცხოვრეს, არაფერი დადებითი საკუთარი ერისთვის არ გაუკეთებიათ, დიდ სამამულო ომშიც კი, გაუგებარია, რისთვის იბრძოლეს. მეტიც, ქარხნებიც და ფაბრიკებიც, რაკი საბჭოთა იყო, არასაჭიროდ, მავნედ, განადგურების ღირსად გამოაცხადეს.

თაობებს შორის გაუცხოების პროცესი დაიწყო, ახალგაზრდობა დამცინავად აქილიკებდა უფროსებს, მათ დამსახურებებს, ჯილდოებს, ხოლო თვითონ იმ ახალი ცხოვრებისკენ სწრაფვა დაიწყო, რომელიც ამერიკულ ფილმებში ჰქონდა ნანახი, სადაც გმირები არსად მუშაობენ, მაგრამ ძალიან ლამაზად ცხოვრობენ. სიტყვები «თავისუფლება», «დემოკრატია», «საბაზრო ეკონომიკა», «კერძო საკუთრება» საკრალური გახდა. თუ ვინმე, ჩემსავით ეცდებოდა, შეეხსენებინა, რომ საბაზრო ეკონომიკა და კერძო საკუთრება ყველგანაა, მაგრამ ზიმბაბვეში რატომღაც ისე არ ცხოვრობენ, როგორც საფრანგეთში, მაშინვე «საქართველოს მტრად» და «კომუნისტად» აცხადებდნენ. თუ ვამბობდი, რომ ამერიკული მასობრივი კულტურა ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებას ეფუძნება და იგი ეროვნული კულტურის გამოდევნას დაიწყებს, ჩვენი ერის სულიერებასა და ზნეობას აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს, მაშინვე «კრემლის აგენტი» ან «პროვინციელი ფაშისტი» ვხდებოდი. დაიწყო ჩვენს რეალობაში იმ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ინსტიტუტებისა და ზნეობრივი ნორმების ხელოვნური გადმოტანა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე სხვა საზოგადოებებში, ჩვენთვის უცხო ღირებულებების – პროტესტანტიზმის, უკიდურესი ინდივიდუალიზმის, სოციალ-დარვინიზმის, სიმდიდრისა და ძალის კულტის ზემოქმედებით ყალიბდებოდა. თავის დროზე ეს ამერიკელი ერის ფორმირების საფუძველი და თანამედროვე ამერიკული მორალის ბაზისი გახდა, მაგრამ სრულიად მიუღებელი იყო ტრადიციული, მართლმადიდებელი, თემური ღირებულებების მქონე ქართველი ერისთვის.

უკვე შევარდნაძის დროს იგრძნეს «რეფორმატორებმა» ხალხის ყრუ წინააღმდეგობა, ეროვნული თვითშეგნებისთვის უცხო ნორმებისა და ინსტიტუტების მიუღებლობა. ეს წინააღმდეგობა მასშტაბურ ბუნტში გადაიზარდა, რომელსაც სხვადასხვა სახის მანიპულაციების გზით ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის ტრიუმვირატი მოაჯდა ზურგზე. ეს «რევოლუციონერები» მიხვდნენ, რომ ქართველ ხალხს ასე მარტივად ვერ გააბითურებ, ამიტომ შემუშავდა ერის გახლეჩისა და დაუმორჩილებელი სულის დათრგუნვის ახალი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის ძირითად კომპონენტებად იქცა: ცხოვრების ყველა სოციალური სფეროდან 40 წელს გადაცილებული თაობის გაძევება; განათლების სისტემის გადაცემა ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების გაუნათლებელი კურსდამთავრებულებისთვის, უფროსი თაობის პროფესორ-მასწავლებლების განდევნა და, აქედან გამომდინარე, განათლების დეგრადაცია; მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების მონოპოლიზაცია და «თავისუფალი ცხოვრების» – სექსის, პორნოგრაფიის, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა; ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, ეროვნული სპეციფიკის უარყოფა; მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებლური სულიერი ღირებულებების, როგორც «არქაულის», «ჩამორჩენილის» ყოველმხრივი დისკრედიტაცია; ყველა უცხო კონფესიისა და ფსევდორელიგიური სექტის მიმართ «ღია კარის» პოლიტიკა. ყველა ეს პროცესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

ერის ცნობიერებისთვის მიყენებული ასეთი ძლიერი დარტყმა უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში ქართველი ერის გატეხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, რიგ სეგმენტებად გაიხლიჩა და გააზრებული, ერთსულოვანი ეროვნული მოქმედების უნარი დაკარგა. ადამიანების ცნობიერებით აქტიური მანიპულირება დაიწყეს, თავს მოახვიეს მთელი რიგი აბსურდული მითებისა, ხალხმა ლოგიკურად აზროვნების, სიტუაციის გაანალიზების, მოვლენათა სწორი შეფასების უნარი დაკარგა.

საბოლოო ჯამში, ჯერ ბრმად ენდობოდნენ შევარდნაძეს, შემდეგ ასევე ბრმად ენდნენ სააკაშვილის დაპირებებს, რომ ცოტა ხანში მიგვიღებენ ნატოში, ევროკავშირში, რომ შვეიცარია გავხდებით...

– დიახ, ეს ყველაფერი ცნობიერების მანიპულირების, სიცრუისაგან დაუცველობის შედეგია. ხომ არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ საკუთარი ხალხის მოტყუების მასშტაბურ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჩვენი ხალხი კი ინტელიგენციისადმი ნდობას მიჩვეულია. თანდათან აბსურდი ნორმად იქცა. მახსოვს, 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აფხაზეთიდან დევნილების ნაწილმა ხმა მისცა შევარდნაძეს. ასეთი საოცარი გადაწყვეტილების მიზეზით დავინტერესდი. პასუხმა გამაოგნა: «აფხაზეთი ვინც დაგვაკარგვინა, იმან დაგვიბრუნოსო». ეს აბსურდული აზროვნების მაგალითია. ან საზოგადოებაში ინტელიგენციის მიერ შემოგდებული ასეთი პასაჟი გავიხსენოთ: «შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, მას ისეთი რამ აქვს ჩაფიქებული, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით». თანაც ამას აფხაზეთის დაკარგვის, ერის გაღატაკების შემდეგ უშუქო, გაყინულ ბინებში იმეორებდნენ. შევარდნაძე მასის გაბრიყვების ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებდა. როდესაც საქართველოში პუტჩის შემდეგ ჩამოვიდა, რიხიანად განაცხადა: «ორ წელიწადში საქართველო შვეიცარია გახდებაო». რამდენიმე წელიწადი ყველა ტრასაზე ეკიდა ბილბორდი: «2000 წელს საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, აყვავებული ქვეყანა. ედუარდ შევარდნაძე». დღემდე ზეპირად მახსოვს. 2000 წელს ეს ბილბორდები ჩუმად ჩამოხსნეს, ხოლო მისი ფრაზა «ორ წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ», რომელსაც იგი 10 წლის მანძილზე იმეორებდა, სისტემატიური ტყუილის მაგალითად იქცა. ამ ყველაფერს (აფხაზეთის დაბრუნების, ორი წლის და შვეიცარიის შესახებ) შემდეგ სააკაშვილი იმეორებდა და მასაც დაუჯერეს!

ერთხელ, ტელევიზიით გამოსვლისას, შევარდნაძისა და სააკაშვილის შეუცვლელმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის დარგში ამერიკის შეერთებულ შტატებს «მსოფლიოში უძველესი დემოკრატია» უწოდა. ამ დროს იგი განათლებულ ადამიანად ითვლება. ეს ითქვა იმ ქვეყანაზე, რომელშიც სეგრეგაცია მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში გააუქმეს ოფიციალურად, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ წლების მანძილზე ზანგებისთვის ცალკე სკოლები, ავტობუსებში ცალკე ადგილები და პარკებში ცალკე სკამები იყო გამოყოფილი. პრეზიდენტ ობამას მეუღლეს – ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალს – ნეგროიდული წარმომავლობის გამო არ შეეძლო ესწავლა იმ სკოლასა და ინსტიტუტში, რომელშიც უნდოდა. მეტიც, ამერიკაში ქალებმა პირველად მხოლოდ 60-იან წლებში მიიღეს ხმის მიცემის უფლება, ანუ შემოღებული იქნა ელემენტარული დემოკრატიული ნორმა, რომელიც საქართველოში, სხვათა შორის, 1918 წლიდან არსებობს. სწორედ აშშ-ში მემარცხენეობის მიმართ უბრალო სიმპათიის ეჭვის გამო ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, რიცხავდნენ უნივერსიტეტებიდან, ასახლებდნენ ქვეყნიდან. ასე, თვით დიდი ჩარლი ჩაპლინი იძულებული გახდა, დაეტოვებინა აშშ. დღეს შეერთებულ შტატებში 10-ზე მეტი სხვადასხვა სპეცსამსახურია ასიათასობით თანამშრომლით, რომელთა ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა სფეროზე ტოტალური კონტროლის დაწესება. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ობამამ სულ ახლახან ოფიციალურად აკრძალა პატიმრების წამება. ეს გახლავთ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც არ არსებობს საყოველთაო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო პრეზიდენტი შესაძლებელია გახდეს ადამიანი, რომელმაც ამომრჩეველთა ნაკლები ხმა მიიღო, როგორც ბუშ-უმცროსის შემთხვევაში იყო. ძალიან ორიგინალური გონება უნდა გქონდეს, რომ ასეთ ქვეყანას «უძველესი დემოკრატია» უწოდო, თუმცა ზუსტად ასე ახვევენ თავს საზოგადოებას აბსურდულ სტერეოტიპებს.

ალბათ, ასეთივე აბსურდულ მტკიცებათა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთი, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ისტორიული მეგობარია...

დიახ, მაგრამ აქ უფრო ღრმა მიზეზებიცაა. თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკურმა ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე პოლიტიკაშიც თვისებრივად ახალ ძვრებს მოითხოვს, ამისთვის კი ქართველი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ აჭარის ახალი ობიექტები, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენი ხელისუფლება, თურქების აშენებულია და მათ საკუთრებას წარმოადგენს. ფეშენებელური სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეუძლებელია აჭარაში რენტაბელური იყოს: მისით სარგებლობისთვის ქართველებს ფული არ აქვთ, ხოლო სომხური ტურისტული ნაკადი ასეთი სიმძლავრეების ასათვისებლად საკმარისი არაა, საკურორტო სეზონიც აჭარაში ძალიან ხანმოკლეა. მიუხედავად ამისა, თურქები მაინც ყიდულობენ მიწას, აშენებენ თავიანთ ობიექტებს, შესაძლოა, იმის იმედად, რომ ცოტა ხანში შეძლებენ თანამემამულეებისთვის მათ საცხოვრებელ ბინებად რეალიზებას. მე მითხრეს, რომ დღეს ბათუმში 23 ათასი თურქია ჩაწერილი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. მთელ აჭარაში არასოდეს უცხოვრია ამდენ თურქს, მაშინაც კი, როდესაც იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. წლების წინ ვწერდი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ თურქეთთან ურთიერთობებში ჩვენ შემდეგი გარემოებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ:

პირველი – თურქული ეროვნული ელიტა (პოლიტიკური, ინტელექტუალური, სამხედრო) ყოველთვის მიიჩნევდა აჭარას თავის ისტორიულ ტერიტორიად, ხოლო მთელ დასავლეთ საქართველოს – საკუთარი გავლენის ბუნებრივ ზონად;

მეორე – თურქები თვლიან, რომ აჭარა მათ ძალით, ომის შედეგად წაართვა რუსეთმა და არა საქართველომ;

მესამე – თურქეთი ისლამურ სამყაროში აშშ-ის ერთადერთი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა და აშშ თურქეთს რეგიონულ ზესახელმწიფოდ აღიარებს, რომელსაც აქვს უფლება, თავისი ზეგავლენა კავკასიაზე გაავრცელოს;

მეოთხე – ერთის მხრივ, რუსულ-ქართულმა მტრულმა ურთიერთობებმა და მეორე მხრივ, თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან აქტიურმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება საქმე მიიყვანოს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიის გარანტის როლზე უარის თქმამდე და ყარსის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე.  

დღეს საზოგადოება ძალიან აღელვებულია ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილებით ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გამო. რატომაა ხელისუფლება ასეთი ჯიუტი ამ გადაწყვეტილებაში?  

– იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებაზე აჭარაში აღარაფერია დამოკიდებული. თურქები ჩვენს ოფიციალურ დასტურს მხოლოდ ზრდილობის გამო ითხოვენ. დღეს მათ აჭარაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ვერავინ შეუშლის ხელს. საქართველოს ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმოდა, რომ აჭარაზე კონტროლი ნელ-ნელა გადადის თურქების ხელში, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა. თურქებს რომ შეეწყვიტათ ობიექტების შენება აჭარასა და თბილისში, მაშინ რა წარმოედგინათ, როგორც საკუთარი მმართველობის შედეგი: ზუგდიდში შადრევანი? პლეხანოვზე გადაღებილი ფასადები? სად მიეყვანათ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები?

ამ მეჩეთთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩემთვის ძვირფასი ბათუმელების საპროტესტო განწყობის შესახებ ვიცი, მიხარია, რომ ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისტორიულ მეხსიერებას ინარჩუნებს, მათ შორის იმ სულთნის შესახებაც, მაგრამ მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფრთხილად თავის ქმედებებში. თუ თურქებმა მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, ისინი მას ააშენებენ, ხოლო, თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს. ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ხოლო მოსკოვს შემაფერხებელი ფაქტორის როლის თამაშის საფუძველი აღარ აქვს.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის შემდგომი დაშლა, არ მივცეთ ხელისუფლებას ახალი ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობა. ამისთვის უახლოესი 5 წლის მანძილზე ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული. თუ შევძლებთ, ვიქნებით ერი საკუთარი სახელმწიფოთი.

მთავარია, დარჩენილი ტერიტორია შევინარჩუნოთ, ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი კი მოსახლეობის მუსლიმანურ ნაწილთან ჩვენს ურთიერთობებს ეთმობა. უნდა გავიგოთ, რომ აჭარაში თურქების აქტიურობა, ისლამური ფაქტორის ზრდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში, ბორჩალოში საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნა, ბაქოდან საქართველოს მისამართით მკვეთრი განცხადებები – ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. ამასთან, გვახსოვდეს, რომ საქართველო ეკონომიკურად მთლიანად თურქეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. თუ ადრე ჩვენს უკან რუსეთი იდგა და შეგვეძლო, დიდი ყურადღება არ მიგვექცია ისლამური ფაქტორისთვის, დღეს იგი ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობა გახდა. ჩვენ 200 წლის მანძილზე დაგვავიწყდა, მაგრამ თურქეთსა და ირანს მშვენივრად ახსოვთ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველო მათი ვასალური ტერიტორია იყო.

მუსლიმანურ მოსახლეობასთან ერთად მშვიდად ცხოვრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ქართველთა ნაწილი მუსლიმანები არიან. მეტიც, რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, ისლამი თავისი სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებით ბევრად უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე იგივე პროტესტანტიზმი და მის წიაღში აღმოცენებული კულტურა. მუსლიმანებს, ისევე, როგორც მართლმადიდებლებს, აღაშფოთებს საზოგადოებაში ზნეობის დაცემა, აღვირახსნილობის პროპაგანდა, ნიჰილიზმი, თაობათა გაუცხოება, ეროვნული ტრადიციების უარყოფა. ეს სერიოზული საფუძველია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისთვის საერთო სამშობლოს სასიკეთოდ.

თქვენ თქვით, რომ ხალხის მოტყუებაში დიდი როლი ქართულმა ინტელიგენციამ შეასრულა. მე მახსოვს თქვენი, თუ არ ვცდები, 1997 წელს დაწერილი სტატია «გეწყინათ? გეწყინოთ!», რომელშიც თქვენ ინტელიგენციას შევარდნაძის მხარდაჭერისთვის მძაფრად აკრიტიკებდით. როგორ აფასებთ ინტელიგენციის როლს დღეს?

– მე მაშინ არა მთელ ინტელიგენციას, არამედ ე. წ. ელიტურ ინტელიგენციას ვაკრიტიკებდი. საქმე ისაა, რომ გვიანსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში ინტელიგენციად მიიჩნიეს მხოლოდ ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია – მსახიობები, რეჟისორები, პოეტები, მწერლები, ხანდახან მათ აკადემიკოსებს და პროფესურას ამატებდნენ. სინამდვილეში კი ინტელიგენციის, როგორც სოციალური ფენის ძირითად ნაწილს, წარმოადგენდნენ მასწავლებლები, ექიმები, აგრონომები, ინჟინრები, სამეცნიერო მუშაკები, ანუ ის ხალხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში საშუალო კლასის როლს ასრულებდა. ეს საშუალო კლასი შევარდნაძის ეკონომიკურმა პოლიტიკამ გაანადგურა, მან საზოგადოებაში სოციალური როლის შესრულება შეწყვიტა. პარალელურად, შევარდნაძემ სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა საშუალო კლასის ამერიკულ ყაიდაზე – კერძო მესაკუთრეების კლასად ფორმირება, მაგრამ არ ესმოდა, რომ საშუალო კლასის ფორმირების ბუნება და პრინციპები შეიძლება განსხვავებული იყოს, მთავარია საშუალო კლასმა თავისი სოციალური ფუნქცია შეასრულოს.

რაც შეეხება ელიტურ ინტელიგენციას, იგი წარმოადგენდა იმ ვიწრო წრეს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს დიდი ზეგავლენა ჰქონდა მოსახლეობაზე, მისი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ამ პატივისცემამ შეუქმნა მათ საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობა, რწმენა, რომ აქვთ უნარი და ძალუძთ გადაწყვიტონ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ამოცანები, ამ რთულ საკითხებში ხალხს ჭკუა ასწავლონ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი ცოდნა არ აღმოაჩნდათ. მათ არაფერი ესმოდათ მსოფლიო პროცესების, მსოფლიო არენაზე ძალების განლაგების, გეოპოლიტიკის, ეკონომიკის შესახებ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საკუთარი ხალხის მენტალობაშიც არც ისე კარგად ერკვევიან. ცოდნა არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ იყო აპლომბი. შევარდნაძემ ეს მათი თვისება კარგად იცოდა და ოსტატურად მანიპულირება დაიწყო. ისინი, თავის მხრივ, მასში გურუს ხედავდნენ, რომელსაც შეგიძლია ბრმად ენდო, ყველაფერში მხარი დაუჭირო, ხოლო როგორ მოიქცეს, მან თვითონ იცის.

ინტელიგენციის სრული მხარდაჭერით, შევარდნაძემ ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ქართველი ხალხის ცნობიერებას დამანგრეველი დარტყმები მიაყენა: აფხაზეთის ომი, სადამსჯელო ექსპედიციები სამეგრელოში, უმაღლესი განათლების სისტემის ნგრევა, აკადემიური მეცნიერების განადგურება, ეროვნული ღირებულებების საზიანოდ დასავლური ღირებულებების პროპაგანდა, საზოგადოებაში ნატოში სწრაფი გაწევრიანების შესახებ მითების დანერგვა, საზოგადოების დაყოფა «დასავლელ რეფორმატორებად», «კომუნისტებად» და «პროვინციელ ფაშისტებად» და სხვა მრავალი. შევარდნაძის, ძველი ინტელიგენციისა და «ახალგაზრდა რეფორმატორების» პოლიტიკური სიმბიოზი აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც დაანგრია სახელმწიფო, დაშალა ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის მოსახლეობას ორიენტაცია დაუკარგა.

შევარდნაძის დანაშაულში თანამონაწილეობით ამ ინტელიგენციამ მოსახლეობის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, დაკარგა ავტორიტეტი, მეტიც, შევარდნაძის მიმართ სიძულვილი ხალხმა მათზეც გადაიტანა, ამიტომ «ახალგაზრდა რეფორმატორებმა» ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი მოისროლეს, ზიზღით გამოაცხადეს «ჩარეცხილებად». სხვათა შორის, ამ ახალგაზრდა რეფორმატორებსაც შევარდნაძე იმავე ხერხებით ზრდიდა, რომლებითაც ინტელიგენციას არჯულებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მათთვისაც «ბრძენი გურუ» იქნებოდა, რომელსაც ისინი უსიტყვოდ დაუჯერებდნენ, მაგრამ ეს ბიჭები ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ მათ წინაშე «ცარიელი ფუტლიარია», უშუალო კონტაქტზე გავიდნენ მის პატრონებთან – ამერიკელებთან, საქმიანად მოილაპარაკეს და მოხუცი ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრეს.

ინტელიგენციის პასუხისმგებლობა იმ კატასტროფის გამო, რომელიც ქვეყანას დაემართა, ძალიან დიდია. ზოგიერთი მათგანი მიხვდა, რამდენად უზნეო თამაშში გამოიყენეს და საკუთარ დანაშაულს გრძნობს. მათ გულწრფელად უყვართ სამშობლო, საკუთარი ხალხი, ხედავენ, როგორ იღუპება ერი და ინგრევა სახელმწიფო. მე თანაგრძნობით ვკითხულობ მათ სტატიებს, ინტერვიუებს, ვგრძნობ მათ ტკივილს, მათ სულიერ ტანჯვას, მაგრამ ჯერ არ მსმენია, მათგან ვინმეს ეღიარებინოს, რომ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა შევარდნაძის პოლიტიკის კანონზომიერი შედეგია, რომელსაც ისინი ოდესღაც ასე მტკიცედ უჭერდნენ მხარს. ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი აღშფოთებული იყო იმით, რომ ახლა ქართულ გრძელ გვარებს პასპორტში მოკლედ ჩაწერენ, რათა უცხოელებს მათი გამოთქმა არ გაუჭირდეთ. მაგრამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს პოეტი პარლამენტის წევრი იყო, აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძის გადაწყვეტილებას პასპორტებიდან ეროვნების ამოღების თაობაზე. მისი არგუმენტაცია ბრწყინვალე იყო: «მე ხომ ვიცი, რომ ქართველი ვარ! რად მინდა ამისთვის პასპორტში ჩანაწერიო?». და რად უნდა დღეს სრული გვარი პასპორტში? მან ხომ იცის თავისი გვარი, ეს საკმარისია.

იმ სტატიაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ინტელიგენციას ვუთხარი: პოლიტიკა, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს, მიგვიყვანს იქამდე, რომ თქვენს წიგნებს მკითხველი აღარ ეყოლება-თქო. ამის შემდეგ 15 წელიც კი არ გასულა და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ესაუბრა ირაკლი თოდუა

(გაგრძელება იქნება)  

www. geworld.ge