თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ურჩია, ამ საკითხის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია თავად ბაქრაძისგან მიიღონ.„ჩვენი პოზიცია შემდეგია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ზედმეტი მედიახმაური და აჟიოტაჟი არ გვინდოდა. ჩვენი ამოცანა იყო დისკუსია ამ თემაზე და დისკუსია ვისთანაც უნდა წარიმართოს, ეს არის სწორედ მესაკუთრე იერუსალიმის საპატრიარქო. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამ თემას ინტერპრეტაცია გაუკეთა, თითქოს ეს დისკუსია იერუსალიმისა და ისრაელის გვერდის ავლით ხდებოდა. სწორედ ამას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრისას განმარტება გააკეთა“, – განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ როდესაც ამ თემის ინტერპრეტაციაზეა საუბარი, ეს მხოლოდ ქართულ მედიასაშუალებებს არ ეხებათ.
„ეს ძალიან სენსიტიური თემაა და მისით მანიპულირება ძალიან ადვილად შეიძლება“, – დასძინა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს ბოდიში იერუსალიმის პატრიარქს“.
ინტერნეტსივრცეში განთავსდა დავით ბაქრაძისა და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს ბოდიშს უხდის იმ აჟიოტაჟისთვის, რომელიც ჯვრის მონასტრის ირგვლივ შეიქმნა და აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მედიის მხრიდან ინტერპრეტაციას.