პოლიტიკა
NDI – პატრიარქის შემდეგ მერაბიშვილს ენდობიან

vanoo1თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. NDI აცხადებს, რომ მას ცალკეული პერსონის ნდობის ხარისხი არ გაუზომავს. დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციისა „ერთობა სამართლიანობისთვის“ კი, რომელიც „NDI“-ს კვლევებს ორგანიზაციის სათავო ოფისში პირადად გაეცნო და მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტებს ცალკეული პერსონის რეიტინგებზე ინფორმაცია მიაწოდა, მის  ნამდვილობას ადასტურებს.

„ჩემ მიერ თქვენთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით NDI დამიკავშირდა და განმიმარტა, რომ აღნიშნული მონაცემები არა ნდობის რეიტინგს, არამედ აღნიშნული პერსონების მიერ შესრულებული საქმის მიმართ გამოკითხული საზოგადოების დამოკიდებულებას წარმოადგენს. პირადად ჩემთვის, პოლიტიკოსის მიერ შესრულებული საქმის მიმართ დამოკიდებულება აღიქმება როგორც ნდობის გამოცხადება-არგამოცხადების საფუძველი, ანუ მივიჩნევ, რომ გაწეული საქმიანობის შედეგი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ნდობის კრიტერიუმით შეფასდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

აქვე დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „NDI“-ის წარმომადგენელმა მასთან საუბარში დაადასტურა აღნიშნულ ინფორმაციაში დასახელებული კონკრეტული ციფრების რეალობასთან შესაბამისობა.

შესრულებული საქმის მიმართ გამოკითხულთა დამოკიდებულების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ხოლო მეორე ადგილს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

პერსონების ნდობის რეიტინგი შემდეგნაირად განაწილდა:

1. კათოლიკოს-პატრიარქს – ძალიან ენდობა – გამოკითხულთა 68%, ხოლო ენდობა – 25%.
2. ვანო მერაბიშვილს – ძალიან ენდობა– 12%, ენდობა – 46 %.
3. გიგი უგულავას – ძალიან ენდობა – 7 %, ენდობა – 44 %.
4. მიხეილ სააკაშვილს – ძალიან ენდობა – 9 %, ენდობა – 40 %.
5. დავით ბაქრაძეს – ძალიან ენდობა – 5 %, ენდობა – 39 %.
ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნდობის კრიტერიუმით მეათე ადგილზეა. მას სრულიად ენდობა გამოკითხულთა 7%, ხოლო ენდობა 21%. ოპოზიციონერთაგან მეთოთხმეტე ადგილზეა ირაკლი ალასანია.

პოლიტიკურ და პერსონალურ რეიტინგებზე ოფიციალურ ინფორმაციას NDI კვლავ არ აქვეყნებს.